„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპარლამენტის 19 ივლისის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის“.
მდინარაძე წერს:
„შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა”, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ.
ახლა ყველაფერი გასაგებია. რა არის ამისთვის საჭირო? დღევანდელი მმართველობის ფორმა უნდა შევცვალოთ და ისეთი უზრუნველვყოთ, როგორც ეს სააკაშვილს ქონდა. “დემოკრატიის შუქურა” ასე უხეშად არ უნდა ჩაგვექრო და უნდა გამოვასწოროთ. პრინციპში ჩვენ გაგვიჭირდება, აგენტებმა უკეთესად იციან ეს როგორ დაალაგონ… უნდა შევიდეთ დსთ-ში და ეკონომიკის განვითარებაც მოლდოვასნაირი უნდა გვქონდეს; უნდა ვიყოთ ისეთივე ურთიერთობაში რუსეთთან, როგოც უკრაინა – ღია ომში. ოჯახურ ღირებულებებზე და მსგავს “ქართულ-ეროვნულ ახირებებზე” უარი რომ უნდა ვთქვათ, ეს პრინციპში პირდაპირ მოგვწერეს რამდენიმე დღის წინ“.
მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება 19 ივლისს დაგეგმილ პროევროპულ მსვლელობასაც, მას რადიკალების მიერ დაანონსებულ აქციას უწოდებს და წერს:
„[აქცია] ორკვირიანი მზადების მიუხედავად ფაქტიურად ჩავარდნილი იყო და მის “დასაბუსტად” რაღაც იყო საჭირო. რა საოცარი დამთხვევაა ეს განცხადება”.
19 ივლისს, ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე, პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის. ევროპარლამენტის განცხადებაში წერია ისიც, რომ პარლამენტი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ აღიარებს.
19 ივლისსვე გამოეხმაურა სოციალურ ქსელით „ქართული ოცნების“ სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის კომენტარს, რომელიც მან 18 ივლისს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მისცა და განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნების ერთადერთი გზა “რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებაა“.
შალვა პაპუაშვილი წერს, რომ პაველ ჰერჩინსკი ძალადობას ამართლებს.
ფორუმი
