ზაფხულის ცხელ ამინდში ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებსა და სკამებზე მთვრალი ადამიანების თავშეყრა ესტონეთის საზოგადოებაში ალკოჰოლის მოხმარების მტკივნეული პრობლემის სიმპტომია. ამ განცხადებას სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, ევგენი ოსინოვსკი აკეთებს, რომელსაც ამჟამად ტალინის მერის თანამდებობა უკავია.
„ეს დიდი სოციალური პრობლემაა. ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარების საერთო პოლიტიკას სოციალურ საქმეთა სამინისტრო ზედამხედველობს და ბუნებრივია, ამ უწყებამ ბევრი უნდა იმუშაონ ამ საკითხზე. კონკრეტული პირებისთვის პრევენციული ზომები რაიმე ეფექტს აღარ იძლევა; ერთადერთი, რაც მათ რეალურად დაეხმარება, არის ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან ბრძოლა მკურნალობის გზით“, – აღნიშნა ოსინოვსკიმ.
მან ასევე გაიხსენა, რომ 2015-2018 წლებში, როდესაც ის ჯანდაცვისა და შრომის მინისტრის პოსტს იკავებდა, ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის უფასო მკურნალობის სისტემა შეიქმნა.
ტალინის მერი, ევგენი ოსინოვსკისიიმ ლოვი /ესტონეთის ტელე-რადიო მაუწყებელი (ERR)
„ეს სისტემა ტალინში დღესაც არსებობს. შესაბამის დაწესებულებაში, რა თქმა უნდა, საკმარისი ადგილები არ არის და საჭიროება უფრო დიდია, მაგრამ, პრინციპში, ადამიანებს დახმარების მიღება მაინც შეუძლიათ. თუმცა, ახლა ქალაქი ამ საკითხს, ძირითადად, სამართლებრივი კუთხით, პოლიციასთან თანამშრომლობის კონტექსტში უყურებს“, – ამბობს ოსინოვსკი.
„მაგრამ, როდესაც ამინდი კარგია, ხალხი მაინც იკრიბება და სვამს ალკოჰოლურ სასმელს, ხშირად ისეთი რაოდენობით, რომელსაც ისინი შემდგომში არაადეკვატურ ქცევამდე მიჰყავს. ეს არის ჩვენი საზოგადოებრივი რეალობა“, – აცხადებს ტალინის მერი.
ის მხარს არ უჭერს საზოგადოებრივ ადგილებში სკამების აღების გზით ალკოჰოლოკების განდევნის იდეას.
„ამ შემთხვევაში, ისინი, უბრალოდ, ცოტა მოშორებით დადგებიან და მაინც იგივეს გააკეთებენ. არადა, ეს, თითქოს, მარტივი გამოსავალია და მოსახლეობაც ამას გვთავაზობს, მაგრამ მაშინ სკამებით ვეღარ ისარგებლებენ ისინი, ვისაც სხვა დროს მათი გამოყენება შეუძლია“, – განმარტა მან.
ტალინს ალკოჰოლის ლიცენზირების სისტემის ხელახლა შემოღება სურს
გამოსავალზე საუბრისას, ოსინოვსკი ამბობს, რომ ესტონეთში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი სერვისი ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაა.
„ისინი, ფაქტობრივად, ყველა კუთხეში გვაქვს. ქალაქმა სახელმწიფოს შესთავაზა ალკოჰოლის ლიცენზირების სისტემის აღდგენა, რადგან ამჟამად ჩვენს ძალიან ლიბერალურ ქვეყანაში ნებისმიერ მაღაზიას შეუძლია, უბრალოდ, აცნობოს ბიზნეს-რეესტრს, რომ ალკოჰოლური სასმელის გაყიდვას აპირებს და ამას უპრობლემოდ გააკეთებს. ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს ამ საკითხის რეგულირების საშუალება“, – ჩივის დედაქალაქის მერი.
„რატომ უნდა ავიღოთ სკამები კრისტიინეს ცენტრიდან, როდესაც, ამის ნაცვლად, შეგვიძლია მოვიშოროთ იქიდან ალკოჰოლური სასმელების მაღაზია, რომელიც სოციალურ პრობლემას იწვევს“, – გაოცებას ვერ მალავს ტალინის თავკაცი.
არაყიპრიიტ მურკი /ესტონეთის ტელე-რადიო მაუწყებელი (ERR)
ოსინოვსკიმ განმარტა, რომ შესაძლებელია ალკოჰოლის სარეალიზაციო პუნქტების რაოდენობის შემცირება და ამის პარალელურად, – მათი კონცენტრაციის ადგილების დაშორიშორება.
„კიდევ ერთი რამ, რასაც ქალაქი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ აკეთებდა, მაგრამ ამ ზაფხულდან სისტემატურად დავიწყეთ, არის იმ ბარების უფრო ეფექტური მონიტორინგი, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევებთან ასოცირდებიან – ძირითადად ძველ ქალაქში, მაგრამ არა მხოლოდ იქ. საცხოვრებელ რაიონებში ასევე არის ე.წ. „სარდაფის ბარები“, სადაც მსგავსი კონტროლი ხორციელდება. ჩვენ უკვე გავეცით შესაბამისი ბრძანებები ძველ ქალაქში მდებარე სხვადასხვა ბართან დაკავშირებით“, – განაცხადა ოსინოვსკიმ.
ადგილმონაცვლეობით პრობლემა ვერ მოგვარდება
ზოგიერთი მოქალაქე ასევე გამოთქვამს უკმაყოფილებას „ვირუ კესკუს“-ის სავაჭრო ცენტრთან ახლოს, ტამსაარეს პარკში მოზარდების თავშეყრის გამო.
„ორი წლის წინ შეკრების ადგილი იყო მუსუმაგი, შარშან კი – კანუტის ბაღი. ახლა ასეთ ადგილად ტამსაარეს პარკი იქცა. ამ გადაადგილებას მკაფიო მიზეზი აქვს. მუსუმაგის რემონტის შემდეგ, იქ სათანადო განათება და პოლიციის კამერები დამონტაჟდა. ჩვენ პოლიციის პატრულთან ერთად დავათვალიერეთ ეს ადგილი და იქ ერთი მთვრალი ადამიანიც ვერ ვნახეთ, რადგან ახალგაზრდები ხვდებიან, რომ იქ პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ არიან. შემდეგ ისინი გადავიდნენ კანუტის ბაღში, მაგრამ როდესაც პოლიციამ ამ ტერიტორიის ზედამხედველობაც გააძლიერა, ახლა სხვა ადგილას გადავიდნენ“, – ამბობს ტალინის მერი.
„ტამსაარეს პარკს ასევე სჭირდება მეტი განათება და კამერები, რის შემდეგ ისინი იქიდანაც გადაბარგდებიან, მაგრამ ბუნებრივია, არავის ეპარება ეჭვი, რომ აქედან ტალინის ცენტრში არსებულ სხვა მწვანე სივრცეში გადაინაცვლებენ“, – დასძინა ოსინოვსკიმ.
