მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი და მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას.
„7 აგვისტოს თექვსმეტი წელი შესრულდა ს ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რომლის გამოც ასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია.
რუსეთის ოკუპაციამ საქართველოს ეს რეგიონები უპერსპექტივო რუხ ზონად აქცია, სადაც უკანონობა სუფევს და ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია.
საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა განაგრძო ეგრეთ წოდებული „ბორდერიზაცია“, რაც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას, ზეწოლას, პროპაგანდას და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდულ მეთოდებს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
„რუსული იმპერიალიზმი სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში საუკუნეების მანძილზე უცვლელი დარჩა და შედგება ღრმად ფესვგადგმული ნიზმისგან, სხვა ადამიანების, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უპატივცემულობისგან და იმპერიული დომინირების აღდგენის სურვილისგან.
რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, მოგვიანებით კი უკრაინის წინააღმდეგ, მხოლოდ ეპიზოდია მოსკოვის ამ დიდი ხნის იმპერიული პოლიტიკისა, რომელსაც 21-ე საუკუნეში არსებობის უფლება არ აქვს.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია შეაჩეროს რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა, აიძულოს იგი დატოვოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, და ყველა დანაშაულისა და სისასტიკისთვის პასუხისგებაში მიეცეს რუსი ომის დამნაშავეები“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ