რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს. ღამის განმავლობაში და დილით დრონებით მორიგი იერიში იყო რუსეთის რეგიონებზეც.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღეს, 6 ოქტომბერს დილით გავრცელებული ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა ქალაქ ხარკოვში. დაზიანდა სახლები და საწყობები. ხარკოვის ორ რაიონში ხანძრები გაჩნდა.
უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ენერგოკომპანიის ცნობით, რუსული დრონებით დარტყმა იყო რეგიონის ერთ-ერთ ენერგოობიექტზე.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას შეუტია 116 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 83 ჩამოაგდეს, ან გააუვნებლეს. სარდლობა ადასტურებს რუსული დრონებით პირდაპირ დარტყმას შვიდ ადგილზე.
გაცილებით მასშტაბური იყო უკრაინაზე წინა, 5 ოქტომბრის ღამიდან დაწყებული შეტევა, როცა უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა 500-მდე დრონი და 50-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს. დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 4 ლვოვის ოლქში, რომელიც ძირითადი სამიზნე იყო. ენერგოობიექტებზე დრატყმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ათეულობით ათას აბონენტს.
უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევისა და დაშავებულების შესახებ იუწყება რუსეთის ხელისუფლებაც. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული დრონის ნამსხვრევები ჩამოცვივდა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი გაუჩნდა დაცვის სამსახურის შენობას. შტაბის თანახმად, დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორ გლებ ნიკიტინის თანახმად, დრონების სამიზნე იყო ქალაქ ძერჟინსკის სამრეწველო ზონა, სადაც 20 უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს. გუბერნატორის ცნობით, დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. სხვა შედეგების შესახებ ნიკიტინს არაფერი უთქვამს.
რუსეთის სხვა რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით დღევანდელი შეტევის შედეგების შესახებ არაფერს იუწყება. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დილით მხოლოდ ის განაცხადა, რომ ენერგოობიექტებზე ჯერ კიდევ გასულ საღამოს განხორციელებული შეტევის შედეგად ენერგომომარაგების გარეშე დარჩენილი აბონენტების რიცხვი 40 ათასიდან 5,4 ათასამდე შემცირდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 251 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 40 – ყირიმში, 34 – კურსკის ოლქში, 30 – ბელგოროდში, 20 – ნიჟნი-ნოვგოროდში, 17 – ვორონეჟის ოლქში, 11 – კრასნოდარის მხარეში, 8-8 – ბრიანსკის და ტულის ოლქებში, 4 – რიაზანში, 2-2 – ვლადიმირის, ივანოვოს, კალუგის, ტამბოვის და ორიოლის ოლქებში, 1-1 – ლიპეცკისა და მოსკოვის რეგიონებში, 62 – შავი ზღვის თავზე და 5 – აზოვის ზღვის თავზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
ფორუმი
