გაეროს თანახმად, მზე და ქარი ელექტროენერგიის გენერაციისთვის თითქმის ყოველთვის ყველაზე იაფი და სწრაფი რესურსებია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2024 წელს გლობალურად განახლებადი ენერგიის დადგმულმა სიმძლავრემ 582 გიგავატს მიაღწია, რაც წლიურად 20%-იანი ზრდაა, ეს კი რეკორდულ წლიურ ექსპანსიას წარმოადგენს.
კვლევის თანახმად, 2024 წელს მსოფლიო ქსელში დამატებული ახალი ელექტროენერგიის სიმძლავრის 92.5 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მოდიოდა. ამავდროულად, ელექტრომობილების გაყიდვები 2015 წლის 500 000-დან 2024 წელს 17 მილიონზე მეტ ერთეულამდე გაიზარდა. გაეროს თანახმად, გლობალურად ელექტროენერგიის გენერაციის ზრდის 74% სწორედ ქარისა და მზის წყაროებზე მოდის.
გაეროს ანგარიშს ამყარებს განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კვლევაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსოფლიოში ახლად აშენებული მწვანე ელექტროსადგურების წარმოება უფრო იაფია, ვიდრე წიაღისეული საწვავის ობიექტების.
კერძოდ, ელექტროენერგიის გენერაციისთვის ყველაზე იაფ წყაროებად ონშორული ქარის ელექტროსადგური, მზის პანელები და ახალი ჰიდროენერგეტიკა დასახელდა. ანგარიშის თანახმად, ყველაზე ხელმისაწვდომ წიაღისეულ საწვავთან შედარებით, მზის ენერგია 41%-ით, ქარის ენერგია კი 53%-ით უფრო იაფია.
“წიაღისეული საწვავის ეპოქა დასასრულს უახლოვდება. ახალი ენერგიის ეპოქაში გადავდივართ. ეპოქაში, რომელშიც იაფი, სუფთა და უხვი ენერგია ეკონომიკური შესაძლებლობებით მდიდარ სამყაროს ენერგიით უზრუნველყოფს”, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ანგარიშის წარდგენის დროს.
მანვე აღნიშნა, რომ გასულ წელს მწვანე ენერგიაში $2 ტრილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო, $800 მილიარდით უფრო მეტი, ვიდრე – წიაღისეულ საწვავში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობპროდუქტების მიმართულებით სამთავრობო სუბსიდიები უფრო ხშირია, განახლებადი რესურსები მზარდი პოპულარობით სარგებლობენ.
bm.ge
