მწერების საწინააღმდეგო სპრეი და ოზონის შრე – გავლენა და საფრთხეები

ზაფხულში მწერებით შეწუხებულს ალბათ არაერთხელ გამოგიყენებიათ სპეციალური სპრეი, რომელსაც გაასხამ და მწერები იმწამსვე უჩინარდებიან. ამ სტატიის წაკითხვამდე ის ალბათ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთი გეგონათ, რომელიც ყველგან იყიდება და მასობრივად გამოიყენება მავნებლებისგან თავის დასაცავად როგორც ბაღებსა და ბოსტნებში, ისე სახლის პირობებში, თუმცა მანამ სანამ ჩვენ მშვიდად ვაფრქვევდით სპრეის, მეცნიერებმა მოიკვლიეს მისი ზემოქმედება გარემოზე და შედეგებიც გაგვიზიარეს. აღმოჩნდა, რომ ეს სპრეი გავლენას ახდენს ოზონის შრეზე.
ოზონის შრე რა არის, ვიცით, ხომ? ამას ჯერ კიდევ სკოლაში გვასწავლიან, თუმცა გადავიმეოროთ, რაც მაღალ კლასებში ვისწავლეთ.
ოზონის შრე დედამიწის ატმოსფეროს ნაწილია, რომელიც იცავს დედამიწას და მთელ ბიოსფეროს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან. მარტივად რომ ავხსნათ, მის გარეშე მნიშვნელოვნად გაიზრდება კანის კიბოს, კატარაქტის, კლიმატური ცვლილებების რისკი, რაც ეკოსისტემის მოშლამდეც კი მიგვიყვანს.
მწერების სპრეი და ოზონი
ალბათ იკითხავთ, რა კავშირია მწერებთან საბრძოლველ სპრეისა და ოზონს შორის. პასუხი არც ისე რთულია – საქმე ამ პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაში მდგომარეობს. მეცნიერული კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ასეთი აეროზოლები შეიცავდა ქლორფტორნახშირბადს (CFC). ეს არის სტაბილური ნაერთი, რომელიც ატმოსფეროში გამოშვების შემდეგ ადის სტრატოსფეროში, სადაც იშლება ულტრაიისფერი გამოსხივებით და ათავისუფლებს ქლორის ატომებს. ქლორის ეს ატომები რეაგირებს ზონის (O3) მოლეკულებთან, არღვევს მათ და ამცირებს ოზონის კონცენტრაციას. აღსანიშნავია, რომ ქლორის ერთ ატომს შეუძლია გაანადგუროს ოზონის ათასობით მოლეკულა, რაც მცირე გამონაბოლქვსაც კი მნიშვნელოვანს გახდის.
რეგულაციები და პროგრესი
1987 წელს შეიქმნა მონრეალის პროტოკოლი, გლობალური შეთანხმება ოზონის დამშლელი ნივთიერებების, მათ შორის CFC-ების გამოყენების ეტაპობრივი გაუქმების შესახებ. მას შემდეგ ქვეყნების უმეტესობამ აკრძალა ან მკაცრად შეზღუდა CFC-ების გამოყენება აეროზოლებში, მათ შორის მწერების სპრეებში.
შედეგად მივიღეთ ის, რომ მწერების თანამედროვე სპრეი, როგორც წესი, იყენებს ალტერნატიულ საწვავს, როგორიცაა ნახშირწყალბადები ან შეკუმშული აირები, როგორიცაა CO₂, რომლებიც არ ანადგურებს ოზონს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შემცვლელები ოზონისადმი კეთილგანწყობილია, ზოგიერთი მაინც სათბურის გაზია, რაც ხელს უწყობს გლობალურ დათბობას – კიდევ ერთ პრობლემურ და მწვავე საკითხს გარემოს დაცვაში.
გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში კიდევ ჩნდება პროდუქტები, რომლებიც ვერ გადის მკაცრ კონტროლს ბაზარზე მოხვედრამდე და შეიცავს მავნე ნივთიერებებს. მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში აქტიურად გამოყენებადი პესტიციდებიც ზიანს აყენებს ბუნებას, როცა ის დიდი რაოდენობით არის მობილიზებული.
ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია
ისმის კითხვა, რატომ უნდა ვიფიქროთ ამაზე ჩვენ, რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებიც აქამდე მშვიდად ვცხოვრობდით და ახლა იმაზე საფიქრალი დაგვემატა, მწერების სპრეის გამოყენებით თურმე პლანეტარულ საქმეში ვმონაწილეობთ. არ შეშინდეთ, მარტივ გზას გასწავლით:
· შეამოწმეთ პროდუქტის ეტიკეტები, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი უსაფრთხოა ოზონის მიმართ და ეკოლოგიურად სუფთა;
· მოერიდეთ მოძველებულ ან საეჭვო წარმოების პროდუქტს, დარწმუნდით, რომ სპრეის გავლილი აქვს შემოწმება;
· იყავით ინფორმირებული და იცოდეთ, რომელი ნივთიერებისგან უნდა იყოს თავისუფალი სპრეი, რომელსაც ყიდულობთ. ეს ნივთიერებებია: CFCs, Halons, ნახშირბადის ტეტრაქლორიდი, მეთილის ქლოროფორმი.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე რეგულაციები მკაცრად აკონტროლებს მწარმოებლებს, მომხმარებლის მხრიდან ინფორმირებულობას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. იყავით პასუხისმგებლობიანი და მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ რას და რა რაოდენობით იყენებთ. თითოეული ადამიანის მიერ ამის გააზრება დაიცავს ჩვენს გარემოს.
წყარო: marketer.ge