მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის – „მუზა“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსის, „მუზა“, გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პრემიის მოსაპოვებლად 82 კონკურსანტი იბრძოდა.
ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს წარმომადგენელი ევროსაბჭოში, თამარ ტალიაშვილი, ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში:
1. წლის საუკეთესო რომანი –
ლევან ბერიძე, „როგორც შენ იტყვი“.
2. წლის საუკეთესო პროზაული კრებული –
კახაბერ მელითაური, „ოთხი მოთხრობა”.
3. წლის საუკეთესო პოეტური კრებული – მანანა ჩიტიშვილი, „რჩეული”.
4. წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესე – კონსტანტინე გამსახურდია, „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის – ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი“.
5. წლის საუკეთესო დებიუტი – ლუკა ყაულაშვილი, „შენთვის და შენზე“; კონსტანტინე ჭანკოტაძე, „ილუზიური რეალობა“.
6. წლის საუკეთესო თარგმანი – ირმა შიოლაშვილი, რაინერ მარია რილკე, „საღამო არის ჩემი წიგნი“; რუსუდან ღვინეფაძე, ფრანც კაფკა, „დღიურები“.
7. წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია – თამარ გელიტაშვილი, „მხატვრული ქმნილების პირისპირ“.
8. წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება – კობა ცხაკაია, „სამი პიესა სხვადასხვა ამბავზე”.
9. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილი – თემურ ჩალაბაშვილი.
ნომინაციებში – „წიგნის საუკეთესო დიზაინი” და „წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი“ – გამარჯვებულები არ გამოვლინდნენ.
გამარჯვებულებს გადაეცათ მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მუზის” მიხედვით შექმნილი პრიზი და ფულადი ჯილდო – 5000 ლარი.
დაჯილდოების ცერემონიისთვის მომზადდა ვიდეორგოლი, რომლისთვისაც მუსიკა შექმნა კომპოზიტორმა ზაზა მარჯანიშვილმა. მიწვეულმა სტუმრებმა ცერემონიის დაწყებამდე მოუსმინეს გიტარისტ გიორგი ფხალაძის მიერ შესრულებულ ნაწარმოებებს. ღონისძიების მიმდინარეობისას მაყურებლის წინაშე წარდგნენ დინი ვირსალაძე, გიორგი მელიქიშვილი და დავით ჯაფარიძე.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2021 დაფუძნდა ლიტერატურული პრემია, სახელწოდებით – „წლის საუკეთესო“, თუმცა კონკურსის წარმატებისა და მის მიმართ დიდი ინტერესის გათვალისწინებით, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2022 წელს კონკურსი ჩატარდა განახლებული სახით, 10 სხვადასხვა ნომინაციითა და ახალი სახელწოდებით – „მუზა“.
კონკურსი ყოველწლიურად სექტემბერში გამოცხადდება. მისი მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.