მოკლედ
· მწერალთა სახლი, რომელთანაც ავტორებისა და ლიტერატორების მნიშვნელოვანი ნაწილი პროტესტის ნიშნად არ თანამშრომლობს, ბაქოს წიგნის ბაზრობაში მონაწილეობისთვის 20 350 ლარის მომსახურებას ყიდულობს.
· ფესტივალი 1-7 ოქტომბერს გაიმართება და მასში ექვსი ქართველი ავტორი მიიღებს მონაწილეობას – ვინ წავა ბაქოში, ამ კითხვაზე ქეთი დუმბაძე, მწერალთა სახლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პასუხის გაცემას 20 სექტემბრის შემდეგ შეძლებს.
“მწერალთა სახლის აქტივობებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანწილად გაიზარდა ქართული ლიტერატურით დაინტერესება მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, მწერალთა სახლი ორიენტირებულია, რომ მსოფლიოს აჩვენოს მცირე ენაზე შექმნილი ლიტერატურის საერთაშორისო მნიშვნელობა და აქტუალობა. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია ნიშნავს ისეთი სირთულეების გადალახვას, რაც გულისხმობს საერთაშორისო კონკურენტული გარემოში ქართველი ავტორების მიერ ადგილის დამკვიდრებას, უცხოელ გამომცემლებში ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაღვივებას, ქვეყანაში ლიტერატურული პროცესის განვითარებასა და საგამომცემლო სექტორის გაძლიერებას, შესაბამისად, მწერალთა სახლის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს ამ მიმართულებებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ეფექტური პროგრამების შემუშავება”, – ასე ასაბუთებს მწერალთა სახლი ბაქოს საერთაშორისო წიგნის ბაზრობაში მონაწილეობის აუცილებლობას.
გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, 20 350 ლარი შემდეგნაირად განაწილდება:
· სახელოვნებო მომსახურებები – 4 650 ლარამდე;
· ღონისძიების ორგანიზება – 11 200 ლარამდე;
· ბარგის გადაზიდვის მომსახურება – 4 500 ლარამდე.




