მცხეთაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.
პარტიის ცნობით, პრეზენტაციას დაესწრნენ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” კამპანიის პრესსპიკერი ლევან სანიკიძე.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს მცხეთაში პრეზიდენტი სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე ქალბატონ გიული ალასანიასთან, პრეზიდენტის დედასთან ერთად ვიმყოფებოდე, რომელიც ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის გახდა ერთგულების, ბრძოლის, თავდადების, პატრიოტიზმის მაგალითი. პრეზიდენტის ამ უკანონო, უსამართლო პატიმრობის ფონზე, პრაქტიკულად, მასაც სასჯელის მოხდა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად უწევს, მაგრამ ძალიან ცოტა დრო დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებამდე, ძალიან ცოტა დრო დარჩა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე, გამარჯვებამდე, ჩვენი ევროპული პერსპექტივის დაბრუნებამდე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს. 26 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა დავასრულოთ სიღატაკის, ადამიანების და საზოგადოების დაყოფის პოლიტიკა. პოლიტიკა, სადაც ოპოზიციას განადგურებით ემუქრებიან. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო თანამედროვე, წარმატებულ სახელმწიფო აქცია, პოლიტიკურ სასჯელს სწორედ საქართველოს წარმატებისთვის იხდის. ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენს საერთო გამარჯვებაში. ერთიანობით ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ივანიშვილს და ჩვენს ქვეყანას ევროპულ კეთილდღეობას მოვუტანთ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
მან ახალგაზრდებს მოუწოდა, არჩევნებში დაკვირვების მიზნით, მოხალისეებად ჩაერთონ.
„პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით, ასევე მინდა მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით მოხალისეებად დარეგისტრირდნენ. ეს არის არჩევნები, რომელიც ჩვენი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის ბედს გადაწყვეტს, ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გადამწყვეტი სიტყვა სწორედ ახალგაზრდებმა თქვან. მოგიწოდებთ ყველას, ეროვნული მობილიზაციისკენ, ახალგაზრდების მობილიზაციისკენ. გთავაზობთ ჩვენი მოხალისეების პროგრამას, რომელზე დარეგისტრირებაც შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა იმარჯვებს!“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, გიული ალასანიას განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო 26 ოქტომბრის არჩევნებსაც.
„ვიმყოფებით მცხეთაში, მოსახლეობასთან შეხვედრა გვაქვს და ამავე დროს, არის მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია. ვსაუბრობთ როგორც წიგნზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არჩევნებზე, რომელიც უკვე კარს მოგვადგა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.