2025 წლის აპრილის ბოლოსთვის საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 58.78 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 309.88 მლნ ლარით, ანუ 0.53%-ით მეტია მარტის ბოლო მონაცემთან შედარებით.
ეკონომისტების შეფასებით, მთავრობა დედოლარიზაციის მკაცრი პოლიტიკით ლარის გამყარებას და ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის ხელოვნურად გაზრდას ცდილობს. აღნიშნულ ვარაუდს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაც ამყარებს, როცა სების გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებსაც ხელფასი ლარში აქვთ, სესხის აღებაზე გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ (საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი, 750,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა).
ეროვნული ვალუტის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტების რაოდენობა იზრდება:„თუ 2015 წელს დეპოზიტების 70% უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული, დღეს დეპოზიტების თითქმის ნახევარი (48%) ლარშია დენომინირებული, რაც ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია“, – განაცხადა კობახიძემ.
ეკონომისტ ამირან კაპანაძის შეფასებით, აღნიშნული რეგულაციები, უპირველესად, საქართველოს მოქალაქეებს აზარალებთ. როგორც ის „კომერსანტთან“ ამბობს, ქართველმა დეპოზიტარებმა, შესაძლოა ალტერნატივად თავიანთი აქტივების უცხოურ ბანკებში განთავსება განიხილონ.
დედოლარიზაციის არსებული მასშტაბები კი ყველაზე მეტად მცირე ბიზნესზე აისახება, რომელსაც სესხის ჯერ ლარში აღება მოუწევს, ხოლო შემდეგ – უცხოურ ვალუტაში კონვერტირება, რაც მათ საიმპორტო ხარჯებს მკვეთრად გააძვირებს.
„სტიმულები ცალსახად იმას მიანიშნებს, რომ მთავრობას უნდა, ლარი იყოს გამოყენებული და ეროვნული ვალუტის წილი დეპოზიტებში მაქსიმალურად მაღალი იყოს, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე დეპოზიტარები უმეტესად ისევ საქართველოს მოქალაქეები არიან. საერთაშორისო მოქალაქეები ლარს, როგორც წესი არ მოიხმარენ, რადგან მათთვის არანაირი წონა არ აქვს. ამიტომაც, ნებისმიერი მკაცრი რეგულაცია, პირველ რიგში, სწორედ საქართველოს მოქალაქეებს აზარალებს და არა ვინმე სხვას.
რაც შეეხება საფრთხეს, რომ დეპოზიტარები ქართულ ბაზარს დატოვებენ, მე ვფიქრობ, რომ ისინი შეეცდებიან ალტერნატივები გამონახონ, სადაც თავიანთ დეპოზიტებს განათავსებენ უცხოურ ვალუტაში და ისე მიიღებენ სარგებელს.
მცირე მეწარმეებისთვის, დედოლარიზაციის პოლიტიკის არსებული მასშტაბები უცხოურ ვალუტაზე წვდომას, რა თქმა უნდა, შეამცირებს; საშუალო მეწარმეებს, ვფიქრობ, ეს პრობლემა უკვე აღარ შეექმნებათ. მცირე მეწარმეები უფრო მეტად იმპორტზე არიან დამოკიდებული და მათ იმპორტის განსახორციელებლად უცხოური ვალუტა სჭირდებათ, რასაც სესხის სახით იღებენ; აქედან გამომდინარე მათ საოპერაციო ხარჯები ბევრად გაეზრდებათ, რადგან მოუწევთ ჯერ ლარში აიღონ სესხი და მერე ეს თანხა სასურველ უცხოურ ვალუტაში დააკონვერტირონ. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება საშუალო ბიზნესისთვის ხელოვნურად გაზრდილი ხარჯებია“,- აღნიშნა ამირან კაპანაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
