მცირე მაღაზიები ქსელურ მარკეტებთან არათანაბარ კონკურენციაშია – ასოციაცია

“პატარა მაღაზიების ყოფნა – არ ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას”, – ამის შესახებ “მცირე მაღაზიათა ასოციაციაში” აცხადებენ, სადაც ერთ-ერთ გამოწვევად არაჯანსაღ კონკურენციას და დისტრიბუტორების მხრიდან ქსელური მარკეტების პრიორიტეტულ მდგომარეობაში ჩაყენებას ასახელებენ.
“როდესაც პროდუქციას მსხვილ მარკეტს ლარად და კერძო რითეილერებს 1.20 ლარად აწვდიან, ბუნებრივია, ჩვენი მაღაზიები დიდ ქსელურ მარკეტებს კონკურენციას ვერ უწევენ. კერძო რითეილერები პროდუქციას ვერ ყიდიან, რადგან, როცა მომხმარებელი ხედავს, რომ კონკრეტული პროდუქცია ქსელურ მაღაზიაში 1 ლარი ღირს და პატარაში 1.30 ლარად იყიდება, ის ქსელურ მარკეტში ვაჭრობას ამჯობინებს. ამის გამო პატარა მაღაზიებს ვაჭრობა უჭირთ და უმეტესი მათგანი იკეტება. ჩვენ ამაზე თავის დროზეც გვქონდა საუბარი და კონკურენციის სააგენტოსთვის მიმართვას ვფიქრობდით, ვცდილობთ, საკითხი ჩვენით დავარეგულიროთ. როცა ვნახავთ, რომ ვერ რეგულირდება, სააგენტოს მივმართავთ”, – განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ, სანდრო სუბელიანმა.
“საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციაში” BMG-სთან განმარტავენ, რომ ქსელური მაღაზიების უპირატესი პოზიცია, დისტრიბუტორებს ნაკლებად მოგებიან პირობებზე დათანხმებას აიძულებს.
“სადისტრიბუციო ფასი ერთი და იგივეა. როდესაც საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტზე პროდუქციის მიწოდება ხდება, იქ მთელი რიგი გადასახადები, “ქეშბექია”, რაც, საბოლოოდ, სადისტრიბუციო ფასამდე ადის. მცირე მაღაზიის დახურვას მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ფასი არ იწვევს. როდესაც მსხვილი ქსელები ვითარდება, მცირე ზომის მაღაზიები იმ ფორმით ოპერირებას, რა ფორმითაც წლების წინ, ვერ ახერხებენ”, – აღნიშნა ასოციაციის პრეზიდენტმა, ლაშა რიჟამაძემ.