„მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი უნდა იყოს“ – ნიკა კაპანაძე

რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ ქვეყანაში მთავარი დამსაქმებლები ჯერ კიდევ საჯარო სამსახურები და მსხვილი საწარმოები არიან და როგორია მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმების მაჩვენებელი. რამდენად მნიშვნელოვანია ამ მაჩვენებლის გაზრდა ეკონომიკის განვითარებისთვის. საკითხთან დაკავშირებით „კომერსანტი“ კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის უფროს მკვლევარს ნიკა კაპანაძეს ესაუბრა.
„სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვზე საუბრისას, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 2000-იანი წლებიდან რომ მოვყვეთ, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-იდან 7.6%-მდე არის შემცირებული 2022 წლისთვის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ირიბად რაც მიეკუთვნება სახელმწიფო სექტორს, მაგალითად სახელმწიფო უწყებების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ები, ამ სტატისტიკაში არ შედიან. ისინი მაინც ბინზეს სექტორის გამოკვლევაში შედიან. ამიტომ, ამ კუთხით, ზუსტი რიცხვის თქმა, ცუდია, რომ არ შეგვიძლია. საერთო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა წილი არ იზრდება“, – ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის უფროსმა მკვლევარმა ნიკა კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა წილი იზრდებოდეს, საქართველოში კი უახლოესი ისტორიის განმავლობაში ეს მაჩვენებელი შემცირებულია.
„მსხვილ საწარმოებზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ახლოს არის მცირე საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვთან. დაახლოებით 310 000 ადამიანია დასაქმებული 2022-ში და 311 000 – მსხვილ საწარმოებში. 2022 წლის მონაცემებით, ჯამურად, ქვეყანაში ყველა დასაქმებულიდან მსხვილ ბიზნესში დასაქმებულია 39%. ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 35%-ია. ამიტომ მასთან შედარებით დიდი ჩამორჩენა არ გვაქვს.
აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ მაჩვენებელს, რომლის მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რიცხვი დაახლოებით 68% იყო 2000-იან წლებში, 2022 წლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60%-ია, მაშინ, როცა პირიქით უნდა იყოს და დროსთან ერთად, ის უნდა იზრდებოდეს
ლოგიკური არის ის, რომ გარკვეული ცვლილებების შემდეგ, ჯერ მსხვილი ბიზნესი მოძლიერდა, თუმცა, ახლა ამ ეტაპზე ამ ტრენდის გაგრძელება არ იქნება პოზიტიური. პირიქით, მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იყოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი. ეს მომენტი ჩვენთან ჯერ არ დამდგარა და დასაქმების ძირითად წყაროს მსხვილი ბიზნესი წარმოადგენს. “, – განმარტა მკვლევარმა.
როგორც მან აღნიშნა, მაშინ, როცა ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება, ეკონომიკური ზრდა ბევრად მდგრადი და ინკლუზიური გახდება.
„ბევრად უფრო ინკლუზიური და მდგრადი იქნება ეკონომიკური ზრდა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ წარმოებული ეკონომიკური დოვლათით იქნება განპირობებული, რადგან ეს ადამიანები ინდივიდუალურ დონეზე, პირადად ჩართული არიან ეკონომიკურ პროცესებში, ასრულებენ უფრო მეტად ინოვაციურ საქმიანობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, როგორც მშპ-ში, ისე და მთლიან დამატებულ ღირებულებაში“, – განაცხადა ნიკა კაპანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ