„მცირე და მიკრო ბიზნესს არ აქვს კრიზისულ ვითარებაში ხანგრძლივი ვადით მუშაობის რესურსი“ – ანდრო გოცირიძე ე.წ. „რუსული კანონის“ გავლენებზე

„გოცირიძის მეღვინეობის“ თანადამფუძნებლის, ანდრო გოცირიძის თქმით, დაძაბულობა, რომელიც ე.წ. „რუსული კანონის“ შემობრუნებამ და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია, ტურისტულ ნაკადებზე ნეგატიურად აისახება, რაც ართულებს მცირე მარნების პროდუქციის გაყიდვას და ფინანსურ პრობლემებს წარმოქმნის.
„მცირე მარნები და საერთოდ, მცირე და მიკრო ბიზნესი ძალიან მგრძნობიარეა ბაზრის თუ პოლიტიკური ვითარების რყევების მიმართ. ბუნებრივია, შექმნილი ვითარება ართულებს საოჯახო მარნების ფუნქციონირებას როგორც შიდა ასევე საგარეო ბაზრებზე.
მცირე საოჯახო მარნების პროდუქციის გაყიდვები მეტად დამოკიდებულია ტურისტულ ნაკადებზე, რადგან შედარებით ძვირი, მაგრამ ბიოლოგიურად სუფთა ღვინოს ღვინის სპეციალიზებულ ბარებსა და მაღაზიებში ხშირად სწორედ უცხოელები ყიდულობენ. ცხადია, დაძაბულობა, რომელიც ამ კანონის შემობრუნებამ და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია, ტურისტულ ნაკადებზე ნეგატიურად აისახება, რაც ართულებს მცირე მარნების პროდუქციის გაყიდვას და ფინანსურ პრობლემებს წარმოქმნის,“ – აღნიშნა მან.
მისი თქმით, პირველ რიგში, ეს ყველაფერი მცირე და მიკრო ბიზნესზე აისახება, რადგან ამ სეგმენტს არ აქვს კრიზისულ ვითარებაში ხანგრძლივი ვადით მუშაობის რესურსი.
„მსხვილი ფინანსური ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსებითაც საქართველოში მასშტაბური საერთაშორისო პროექტები ხორციელდება, ვარაუდობენ, რომ მიმდინარე მოვლენები ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯზე, რაც შეაფერხებს უცხოური ინვესტიციების შემოდინებას. პირველ რიგში, ეს ყველაფერი მცირე და მიკრო ბიზნესზე აისახება, რადგან ამ სეგმენტს არ აქვს კრიზისულ ვითარებაში ხანგრძლივი ვადით მუშაობის რესურსი. მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საგრანტო რესურსებზე წვდომა, სადავო კანონს მიღება კი სწორედ ამ არხებს უზღუდავს ქართველ მეწარმეს.
მოგეხსენებათ, უკიდურესად პოლიტიზირებული რუსული ბაზარი, რომელსაც კრემლი ხშირად საქართველოს წინააღმდეგ ბერკეტად იყენებს, მცირე მარნებისთვის ბევრ რისკს შეიცავს. ბოლო წლებში შეინიშნებოდა მეღვინეობის ბაზრების დივერსიფიკაციისა დადებითი დინამიკა, ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე ქართული ღვინის მოცულობები იზრდებოდა. მაგალითად, ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინო ორგანული ღვინოების ტოპ ათეულში მოხვდა. დასავლურ ბაზრებზე დამკვიდრება ხარისხის განსაკუთრებულ მაჩვენებელს და სპეციფიკურ მარკეტინგს მოითხოვს, რაც საკმაო თანხებთანაა დაკავშირებული. ამ მიმართულებით მცირე ბიზნესი ძირითადად უცხოური გრანტებით სულდგმულობდა. ბუნებრივია, თუკი ეს რესურსი შეიზღუდება, მცირე მარნები მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან,“ – განაცხადა „გოცირიძის მეღვინეობის“ თანადამფუძნებელმა.