„მცენარის დათესვა და მოსავლის აღება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მოხდება“- FarmLabs

სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია FarmLabs-ს (ყოფილი „ჯი ეს ეი ტექნოლოგიები“) თანადამფუძნებელი ონისე ზივზივაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ „ჭკვიანი აეროპონიკის“ განვითარების პროცესი, რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოყვანას თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, ნელი ტემპით მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, „ჭკვიანი აეროპონიკის“ საშუალებით პატარა მონაკვეთზე შესაძლებელია დიდი რაოდენობით პროდუქტის მოყვანა, მაგალითად, წლის განმავლობაში 2–3 ტონამდე კარტოფილის მოსავლის მიღება, მხოლოდ 4 კვ.მ–ის პანელზე.
ონისე ზივზივაძე აცხადებს,რომ პროექტი ტექნოლოგიური სამუშაოების სირთულის გამო დროში გაჭიანურდა. ამ ეტაპზე კომპანია საექსპერიმენტო სამუშაოებს ასრულებს. პროექტის მიზანი თანამედროვე სასათბურე მეურნეობის განვითარება და აეროპონიკის სისტემაში ინტეგრირებული მცენარეთა ვეგეტაციის პროცესის მართვის ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფაა (software).
ონისე ზივზივაძის განმარტებით, სამუშაოების თითქმის 100%, გარდა მცენარის დათესვისა და მოსავლის აღებისა, ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულდება. ექსპერიმენტზე მუშაობა თავდაპირველად გურიასა და სამეგრელოში მიმდინარეობდა. გურიაში მოეწყო პანელები სალათის ფოთლებისთვის, გურიაში – ვარდზე.
სალათის ფოთლების შემთხვევაში დაკვირვებამ აჩვენა, რომ მცენარის ვეგიტაციის ტრადიციულად საჭირო 3-თვიანი ვადის 1 თვემდე შემცირება შესაძლებელია. ამ ეტაპზე რეჰანის კვლევა მიმდინარეობს.
როგორც ონისე ზივზივაძე აღნიშნავს, მოთხოვნა დიდია მსხვილი ფერმერების მხრიდან, რასაც ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებენ, სანამ პროექტის მინიმუმ პირველი ფაზა არ დასრულდება.
,,ძალიან ბევრი ადამიანი გველოდება საქართველოში და გლობალურ ბაზრებზეც, მაგრამ სამუშაოს ჯერ ვერ ვასრულებთ. მნიშვნელობა არ აქვს სათბურის მოცულობას – 100 კვ/მ -ია თუ 5000 კვ/მ, უამრავი პარამეტრის მართვა ხდება. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას ვახდენთ ჩვენს პროგრამულ უზრუნველყოფაში. საკითხი თეორიულად შესწავლილია, მაგრამ პრაქტიკაში როგორ უნდა განხორციელდეს, ამაზე გვიწევს მუშაობა, რაშიც ვართ ინიციატორები. იქმნება პროგრამა-ალგორითმი, რომელიც შეასრულებს სპეციალისტების შესასრულებელ პროცედურებს ანუ თვითონ მიხვდება პროგრამა, მაგალითად, რომელი ღერო იზრდება შედარებით ნელა და რატომ, რა არის საჭირო და რა ტიპის დახმარება უნდა გაეწიოს მცენარეს მასიური მოსავლის მისაღებად და სხვა. ყველაზე ოპტიმალური შედეგი უნდა მივიღოთ მცენარეთა ვეგიტაციის გზით. მიზანია, პროგრამამ მთლიანად ჩაანაცვლოს ადამიანი, რომელსაც, შეიძლება, რაღაც შეცდომა გაეპაროს, მაგრამ ალგორითმი უტყუარია. სამეწარმეო ჯაჭვში ყველა ძირითად ფუნქციას ხელოვნური ინტელექტი შეასრულებს,“ – განმარტავს ონისე ზივზივაძე.
აეროპონიკის კომპანია თვითონვე ახდენს როგორც პანელების მოწყობას, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფას.
პროექტი 2021 წელს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტის მფლობელი 2021 წელს გახდა.
FarmLabs სამომავლო გეგმების განსახორციელებლად ინვესტიციების მოზიდვას GITA-ს 650 000 ლარინ საგრანტო კონკურსში – 500 Startups-ში შეეცადა, თუმცა დაფინანსება ვერ მიიღო.
წყარო: bp.ge