ვერბალური კომუნიკაცია მრავალთაგან ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რატომაც გახდა ადამიანი ასე წარმატებული, როგორც სახეობა. საფრთხის შესახებ ერთმანეთის გაფრთხილებით დაწყებული, კომპლექსური ინფორმაციით კომუნიკაციით დამთავრებული, ლაპარაკის უნარი ჩვენთვის გადამწყვეტია.
თუმცა, დახვეწილი კომუნიკაცია მხოლოდ ადამიანებსა და ცხოველებს არ ჩამოყალიბებიათ. ბევრი ფიქრობს, რომ მცენარეები პასიურები არიან, მაგრამ სინამდვილეში, მათ ერთმანეთთან ურთიერთქმედების საკუთარი გზა აქვთ. ეს იდეა დიდი ხანია არსებობს და ჰოლივუდის ფილმ „ავატარის“ შთაგონებაც კი გახდა.
როგორც უახლესი სამეცნიერო კვლევები მიუთითებს, მცენარეთა საკომუნიკაციო სისტემები შეიძლება იმაზე უფრო კომპლექსური იყოს, ვიდრე წარმოგვედგინა.
ეს საკომუნიკაციო ქსელები მგრძნობიარეა და ბალანსშია. წარმოიდგინეთ, რამდენად არეული იქნებოდა მსოფლიო, გლობალური ქსელის სისტემები რომ უცბად მოიშალოს. ასეა მცენარეების შემთხვევაშიც.
იმისათვის, რათა გავიგოთ, თუ როგორ გადასცემენ ერთმანეთს ინფორმაციას ორგანიზმები, რომლებიც ვერ ლაპარაკობენ — მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ არავერბალური კომუნიკაციის სისტემა ადამიანებსაც აქვთ. მათ შორის არის მხედველობა, ყნოსვა, სმენა, გემო და შეხება.
მაგალითად, ბუნებრივი აირის კომპანიები გაზს უმატებენ ქიმიურ ნივთიერება მერკაპტანს, რაც მას ლაყე კვერცხის სუნს აძლევს, რათა გაჟონვის შემთხვევაში ადვილად გავიგოთ. წარმოიდგინეთ, რამდენად განგვივითარდა ნიშნების ენა; ამავე დროს, ბევრ ადამიანს ტუჩების მოძრაობით შეუძლია აზრის გაგება.
ამ შეგრძნებათა გარდა, გვაქვს ბალანსისა და სხეულის პოზის შენარჩუნების უნარი, პროპრიორეცეფცია (ორგანიზმის ნაწილების მდებარეობისა და მოძრაობის შეგრძნება), თერმოცეფცია (ტემპერატურის ცვლილებათა შეგრძნება), ნოციცეფცია (ტკივილის შეგრძნება). ყველა ამ შეგრძნებამ ადამიანი კომუნიკაციაში ძლიერ დახვეწილი და ბუნებრივ გარემოში ჩართული გახადა.
სხვა სახეობები, განსაკუთრებით მცენარეები, საკუთარ შეგრძნებებს ინფორმაციის საკუთარი გზით გასავრცელებლად იყენებენ.
უმეტესმა ჩვენგანმა იცის ახლად მოთიბული ბალახის სუნი. აქროლადი ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ბალახოვანი მცენარეები გამოყოფენ და რომლებსაც ამ სუნთან ვაკავშირებთ — ახლომდებარე სხვა მცენარეებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი გზაა, რომ მტაცებელი, ამ შემთხვევაში მთიბავი იქაა და მცენარეების თავდაცვაში ცვლილებას იწვევს. სმენითი ნიშნების გამოყენების ნაცვლად, მცენარეები ქიმიურ კომუნიკაციას იყენებენ. თუმცა, მცენარეთა კომუნიკაცია მხოლოდ აქროლადი ნივთიერებებით არ მთავრდება.
ბოლო პერიოდში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რამდენად კარგად არიან მცენარეები ერთმანეთთან დაკავშირებული და რამდენად ეფექტიანად შეუძლიათ თანამოძმეებისთვის შეტყობინებათა გაგზავნა ფესვებით, ელექტრული სიგნალებით, მიწისქვეშა სოკოების ქსელით და ნიადაგის მიკრობებით.
ვრცლად პირველ არხზე