პროევროპულ აქციებზე დაკავებული საბა სხვიტარიძე ამბობს, რომ დაკავების შემდეგ სცემეს, აწამეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ.
საბა სხვიტარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა სხვიტარიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. „ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ საბა სხვიტარიძის სიტყვას, რომლითაც მან სასამართლოს მიმართა:
„მე მინდოდა მომეყოლა ჩემი წამების ფაქტები, რაც ჩემი დაკავებიდან მალევე განხორციელდა. ოქმი, რომელიც პროკურატურამ წარადგინა არ შეესაბამება სიმართლეს და არის ყალბი. მე საერთოდ სხვა ადგილას დამაკავეს და ოქმში წერია, რომ მე ვიყავი მისული მოწმის სტატუსით განყოფილებაში ღამის 4 საათზე. მე დამაკავეს ზესტაფონის გზაზე, რა დროსაც მამაჩემთან ერთად ვიყავი. როდესაც გამაჩერა პოლიციამ, სრულიად დავემორჩილე. როდესაც ვიკითხე რა ხდებოდა, მიპასუხეს: „გეტყვიან მერე“. მე მოვითხოვე ადვოკატი, რაზეც უარი მითხრეს. მოვითხოვე, ჩაერთოთ სამხრე კამერები, არ გაითვალისწინეს. მე ვთხოვე მამაჩემს, რომ ადვოკატისთვის დაერეკა, რა დროსაც პოლიციამ მამაჩემს ჩამოართვა ტელეფონი და აუკრძალა დარეკვა. მე წამომიყვანეს ზესტაფონიდან თბილისის მიმართულებით. სადღაც გორთან გადამსვეს შავი სედანის მანქანაში, უკვე სხვა ჩვეულებრივ ტანსაცმელში გამოწყობილ ხალხთან. 4 პოლიციელი იყო, რომლებმაც ჩამომიყვანეს თბილისის მეორე სამმართველოში. მანქანაში მიმდინარეობს სიტყვიერ შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ასევე იყო მუქარა გაუპატიურებით და ა.შ. შემდეგ ჩამომიყვანეს. მხსნიან ბორკილებს და პოლიციელი მომმართავს: შენ ახლა მოწმის სახით ხარ აქ დაბარებული და რამე რომ არ გე*ლევა, მაგიტომ გადევს ბორკილებიო. საშვი ამაღებინეს და ისე შემიყვანეს. არ ვიცოდი, მოწმის სახით თუ ვიყავი დაბარებული, რომ მცოდნოდა, სასამართლოს წინაშე დავიკითხებოდი. ამიყვანე მე-5 სართულზე, ერთ-ერთი პოლიციელის კაბინეტში შემიყვანეს. იქ მიდიოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება… მოვითხოვე ადვოკატი, ისევ უარი განმიცხადეს და ცინიკურად დამცინეს.
შემდეგ გავიდა პოლიციელი. დაუძახა ვიღაცას. შემოვიდნენ სპეციალურ ეკიპირებაში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელები. შეიძლება არც იყვნენ პოლიციელები. 4 პოლიციელი შემოდის, ესენი გადიან, კეტავენ კარებს. ამ დროს იწყება ჩემი ფიზიკური შეურაცხყოფა. მირტყამენ თავის და გვერდების არეში ძირითადად. როდესაც მე ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში ვიყავი დივანზე, ზემოდან დამახტა ერთ – ერთი და ცდილობდა ხელი მოეტეხა. როცა ვერ მომტეხა, გადმომაგდო დივნიდან, ძირს დამაგდო და ხელებში მირტყამდნენ, ზურგში და თავის არეში. ამის შემდეგ შემოდიან ისევ ის ოთხი პოლიციელი, გაჰყავთ ეს [ნიღბიანები] და მეუბნებიან: კიდევ გავიმეორებთო. არ ვიცი, რას ითხოვდნენ ჩემგან, მხოლოდ ძალადობდნენ. ერთ-ერთმა პოლიციელმა ფოტოც გადამიღო. მე მოვითხოვე სასწრაფო და ადვოკატი. ტვინის შერყევა მქონდა, გული მერეოდა და თავბრუ მეხვეოდა. რომ განვუცხადე ცუდად ვიყავი, მათ შემომიტანეს პარკი, რომ შიგნით მერწყია. მადლობა ღმერთს, რომ წყალი მაინც მომაწოდეს. ამის ისევ მემუქრებოდნენ, რომ ქათმებში ჩამსვამდნენ და იქ გამაუპატიურებდნენ. გამოვყავართ შემდეგ და მე-8 სართულზე ავყავართ. გვხვდება ვიღაც და ეუბნებიან რომ ეს ის არისო. პოლიციელზე ძალადობა ასე შეგრჩება გგონიაო? ვეუბნები, რომ არ მიძალადია პოლიციელზე. მერე უფროსის კაბინეტში შევყავარ და იქ მაყენებს შეურაცხყოფას ეს ადამიანი და მეუბნება, რომ ოქმს ხელი მოვაწერო და ვეუბნები, რომ არაფერს ხელს არ მოვაწერ. შემდეგ შევყავარ სადღაც, მგონი გამომძიებელ ქალბატონთან, ოქმს ვინც ადგენს. ის ქალბატონიც ესწრებოდა წამების მეორე ეპიზოდს. იწყება დაკითხვა. მე ვუთხარი რომ ადვოკატი მინდა და სასწრაფო მესაჭიროება, იქაც პარკი მომაწოდეს და ვარწყიე. გამომძიებელთან იჯდა ერთი პიროვნება, რომელიც აღწერდა ჩემს დაზიანებებს. მითხრეს ტანზე აიწიეო და დაზიანებები ჩაიწერა, გამომძიებელს ეუბნება, რომ გავიდეს კაბინეტიდან. შემოდის ნიღბიანი პიროვნება და მეორე პოლიციის ფორმაში. ის სამი ადამიანი მაკავებდა და ესენი ისევ ძალადობდნენ ჩემზე. ამ პროცესში მე თავზე გადამამტვრიეს ხის ნივთები. ნიღბიანი აპირებდა ცხვირში დარტყმას და თავი გავწიე. როდესაც მორჩნენ, ისევ დაუძახეს გამომძიებელს და გამომძიებელმა გააფორმა ოქმი. შემდეგ კაპეზეზე ჩავყავარ, სადაც ექიმს განვუცხადე, რომ სასწრაფო მჭირდებოდა, რაზეც მითხრეს, რომ არ გჭირდება სასწრაფოო და შემიყვანეს საკანში. ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა გრძელდებოდა პოლიციის მანქანაში, როდესაც სასამართლომდე მომიყვანეს და სასამართლოდან როცა პენიტენციურში მივდიოდი. სასამართლოდან რომ წამიყვანეს, მესმოდა პოლიციელები როგორ დასცინოდნენ აქციაზე დაკავებულ ყრუ-მუნჯ ადამიანს, რომელსაც დაუკავებიათ და დასცინოდნენ იმაზე, თუ როგორ ტიროდა. შემდეგ მიმიყვანეს პენიტენციურში. მანამდე ვერ ვისარგებლე სამედიცინო დახმარებით, სანამ იქაურმა ექიმებმა არ შემამოწმეს. ამის შემდეგ სასამართლო მეუბნება, რომ მე ვარ საზოგადოებისთვის საშიში და მე უნდა ვიყო ციხეში. მე თავს ვიცავდი და ამის გამო დამაკავეს. ის მოძალადეები დღემდე გარეთ არიან და აგრძელებენ ადამიანების ცემას. ვხედავთ აქციებზე რაც ხდება. სასამართლოსგან მხოლოდ ვითხოვ სამართალს და სამართლიან განაჩენს. მე თავს ვიცავდი, ვიცავდი ჩემს გვერდზე მყოფებს, ერთ-ერთ მოძალადე ტიტუშკამ იძალადა ქალზე და ვერ მოვასწარი მისი მოგერიება და შემდეგ გადმოდიოდა ჩვენზე. მე არსად გაქცევას არ ვაპირებ, ამათ ხელში არ დავტოვებ სამშობლოს, დიდი ხანია ამ ქვეყნისთვის ვიბრძვი და ეგრეც გავაგრძელებ. მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მე ვიყავი საზოგადოებისთვის საშიში და ისინი, ვინც არც ქალზე ძალადობას ერიდებიან და არც ადამიანების წამებას, ისინი თურმე სამართალს იცავენ. სასამართლოს ვთხოვ ობიექტური იყოს. ჩვენ სამართალს ვერსად ვპოულობთ, სამწუხაროდ ვერც სასამართლოში. ეს უსამართლობა, რაც ხდება დღეს საქართველოში, ერთ-ერთი მონაწილე სასამართლოა. დღეს თუ თვალჩალურჯებულ და ნაცემ ადამიანებს ვხედავთ ტელევიზორში, ეს ზუსტად სასამართლოს დანაშაულია, იმიტომ რომ დაუსჯელობის დიდი გარანტიები აქვთ ვიღაც-ვიღაცებს და ყოველდღიურად უფრო ძლიერ სცემენ ხალხს და დასდევენ ქუჩა-ქუჩა. უსამართლობას ვაპროტესტებ. რეჟიმმა ვინც უსამართლობას აპროტესტებს ციხეში გამოკეტა და ვინც უსამართლოდ იქცევა, სამართალდამცველებად მიიჩნევიან. სამწუხაროა, რომ ასეთ დიქტატურულ რეჟიმში ვცხოვრებთ. ადრე თუ გვიან აუცილებლად დასრულდება ეს ქართველი ხალხის გამარჯვებით“.
საბა სხვიტარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, პროკურატურა მას ედავება, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, სასტუმრო “მერიოტის” მიმდებარედ, თავს დაესხა პოლიციელს – მირიან ქავთარაძეს და თავში ორჯერ ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი.
საბა სხვიტარიძე ბრალს არ აღიარებს. დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.




