გრენლანდიელები მხარს უჭერენ დანიაში მცხოვრები გრენლანდიელების მიმართ მშობლის უნარების გამოვლენის სპეციალური ტესტირების შეწყვეტას, რადგან ასეთი ქმედება დისკრიმინაციას წარმოადგენს. დანიის ხელისუფლება, ამ ტესტების შედეგების საფუძველზე, ბევრად უფრო ხშირად ართმევს ბავშვებს გრენლანდიელ მშობლებს, ვიდრე დანიელებს.
ბოლო თვეების განმავლობაში, გრენლანდიასა და დანიაში რეგულარულად იმართება საპროტესტო აქციები ე.წ. „ფენილკეტონურიის“ (FKU) ტესტების გამოყენებასთან დაკავშირებით. დანია ამ ტესტებს იმ მშობლების მიმართ იყენებს, ვისზეც არსებობს ეჭვი, რომ მისი მონაცემები ბავშვისთვის საფრთხის შემცველია. მაგალითად, ამ ტესტის შედეგი გახდა იმის მიზეზი, რომ 7 ნოემბერს კირა ალექსანდრა კრონვოლდს ტისტედში (იუტლანდია), მშობიარობიდან ორ საათზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ, ბავშვი წაართვეს. ახლა მას უფლება აქვს, კვირაში მხოლოდ ერთი საათით, სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ ნახოს თავისი შვილი.
FKU-ს ტესტები რეიკიავიკში (ისლანდია) დანიის საელჩოსთანაც გააპროტესტეს. დიდა პიპალუკ ჯენსენი, რომელმაც საპროტესტო აქციის ორგანიზატორია, ამბობს, რომ თავს ვალდებულად მიიჩნევს, ამ ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა. „FKU ტესტები შეერთებული შტატებიდან შემოვიდა და დანიურ და დასავლურ კულტურასთან არის ადაპტირებული. ჩვენთან მათი გამოყენება მიზანშეუწონელია, რადგან გრენლანდიის კულტურაზე არ არის მორგებული“.
ამდენად, გრენლანდიელი მშობლები წინასწარ არიან განწირულნი. „თქვენ, ფაქტობრივად, იძულებული ხართ, ტესტის ჩაბარებაზე დათანხმდეთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვს ძალით წაიყვანენ“.
დანიაში გრენლანდიელი მშობლების 5-6%-ს შვილებს ართმევენ, ხოლო დანიელ მშობლებს შორის ეს მაჩვენებელი 1%-ია.
დანიის სოციალურ საქმეთა მინისტრმა მუნიციპალიტეტებს წერილი გაუგზავნა და მოუწოდა მათ, შეეწყვიტათ გრენლანდიელი მშობლების მიმართ ამ ტესტების გამოყენება. მინისტრის მოწოდებას ორი მუნიციპალიტეტი დათანხმდა, მაგრამ მომიტინგეები, მათ შორის დანიაში გრენლანდიელთა დახმარების ორგანიზაცია MAPI-ს თავმჯდომარე, ლაილა ბერტელსენი მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. „ჩვენ უნდა ავკრძალოთ დანიაში გრენლანდიელების მიმართ გამოყენებული მეთოდები ან მოვახდინოთ მათი ჩანაცვლება გრენლანდიის პირობებზე ადაპტირებული გადაწყვეტილებებით“.
როგორც მომიტინგეები ამბობენ, დისკრიმინაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა ისიც, რომ ტესტირება დანიურ ენაზე ტარდება. იმის მიუხედავად, რომ ბევრი გრენლანდიელი დანიურად კარგად საუბრობს და თავისუფლად ფლობს ამ ენას, ეს ყველას არ ეხება. ამიტომ, არსებობს რისკი, რომ ასეთი ტესტები არასწორად იქნება გაგებული და შევსებული.
კულტურული განსხვავება ემოციების გამოხატვაშიც თვალსაჩინოა. მაგალითად, ინუიტები ემოციებს გამოხატავენ არა მეტყველებით, არამედ სახის გამომეტყველებით და სხეულის ენით. ამიტომ, ფსიქოლოგს, რომელმაც ეს და ინუიტური კულტურის სხვა თავისებურებები არ იცის, შეიძლება ამის გაგება გაუჭირდეს. პროტესტის მონაწილეები ასევე ეყრდნობიან კანადაში ჩატარებულ კვლევას, რომელშიც ინუიტებმა, დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებულ IQ ტესტებში, მნიშვნელოვნად დაბალი შედეგები აჩვენეს.
ამის დამადასტურებელია აგრეთვე დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ორი წლის წინ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც გამოთქმულია ეჭვი, რომ FKU-ს ტესტები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებს არ შეესაბამება. გრენლადიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ბ. ეგედემ ეს „დანიის რადიოსთვის“ მიცემულ ბოლო ინტერვიუშიც აღნიშნა და შენიშნა, რომ შექმნილ მდგომარეობაზე დანია საკმაოდ ნელა რეაგირებს.
„იცოდნენ, რომ ეს ტესტები არ იმუშავებდა, მაგრამ ამ საკითხს მაინც წლების განმავლობაში აყოვნებდნენ“, – განაცხადა მან და მოიყვანა შედარება, რა მოხდებოდა, ყველაფერი პირიქით რომ ყოფილიყო: „იგივე რომ გაგვეკეთებინა გრენლანდიაში მცხოვრებ დანიელ მოსახლეობაზე და გვეიძულებინა ისინი, მშობელთა ტესტი ჩაეტარებინათ, შედეგი იქნებოდა ის, რომ ისინი საკმარისად გრენლანდიელები არ აღმოჩნდებოდნენ და დანიურ ან გრენლანდიურ ღირებულებებში ვერ ჩაჯდებოდნენ. დარწმუნებული ვარ, ამაზე აქ, დანიაში, ჭკუიდან გადავიდოდნენ“.
წყარო: 1TV.GE