„მშობლებსაც დააჯარიმებენ“ ახალი კანონით – როგორ ებრძვის ოცნება პიროტექნიკას

„ქართულმა ოცნებამ” დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვის და ხმარების ახალ წესებს ადგენს. ჩანაწერების უმრავლესობა ამკრძალავია. შეზღუდვებით ხელისუფლება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ევროკავშირის მხარდამჭერ აქციებზე დემონსტრანტების ფოერვერკებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.
საკანონმდებლო პაკეტი ერთ ძირითად და 7 თანმდევ კანონპროექტში ცვლილებას ითვალისწინებს. დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია მხოლოდ ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მისი გაყიდვა და ფლობა კანონდარღვევა გახდება. პიროტექნიკის გამოყენება დარეგულირდება შეკრება-მანიფესტაციის დროსაც. სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი დაადგენს.
რა სიახლეა ჯარიმებზე?
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს სამი ახალი მუხლი დაემატება, რომლის მიხედვითაც:
· 5 000 ლარით დაჯარიმდება ყველა, ვინც პიროტექნიკას ლიცენზიის გარეშე შემოიტანს ან გაიტანს ქვეყნიდან. იგივე ოდენობის ჯარიმაა განსაზღვრული ლიცენზიის გარეშე პიროტექნიკის წარმოებისა და გაყიდვისთვის. ჯარიმასთან ერთად -ს პიროტექნიკის ჩამორთმევის უფლებასაც იტოვებს. თუ კანონს ერთხელ დაჯარიმებული მეორედაც დაარღვევს ჯარიმა 6 000 ლარამდე გაიზრდება.
· 2 000 ლარით დაჯარიმდება სანებართვო/სალიცენზიო პირობების დამრღვევი; შსს-ს ამ შემთხვევაშიც აქვს უფლება ჩამოართვას ან არ ჩამოართვას მფლობელს პიროტექნიკა;
· ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო/სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა ჯარიმას ასამმაგებს (6 000 ლარი), მესამე ჯერზე კი ნებართვა/ლიცენზი გაუქმდება.
· 2 0000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება ყველას, ვინც პიროტექნიკურ ნაწარმს მიყიდის მას, ვისაც კანონის მიხედვით, ფლობა გამოყენების უფლება არ აქვს. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 3 000 ლარია.
· 1 000 ლარით დაჯარიმდება და პიროტექნიკა ჩამოერთმევა მას, ვისაც პიროტექნიკური ნაწარმის შეძენის, ფლობის ან/და გამოყენების უფლება არ აქვს. კანონის ამ მუხლის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარია.
ვის აქვს/არ აქვს პიროტექნიკის ყიდვის უფლება?
მთავარ კითხვა კანონპროექტი პასუხგაუცემლად ტოვებს. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედი რედაქციით, პიროტექნიკის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა აკრძალულია და ჯარიმდება.
ახალი კანონპროექტით, ამ ჩანაწერს კოდექსიდან ამოიღებენ, თუმცა ვინ ჩაწერს და სად ჩაიწერება იმ ადამიანების ან ჯგუფების სია, რომლებსაც პიროტექნიკის ყიდვა აეკრძალებათ ქართულ ოცნებას „განმარტებით ბარათში“ დაკონკრეტებული არ აქვს.
ასეთ ბუნდოვან საკითხებს კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, როგორც წესი, მთავრობა აწესრიგებს ხოლმე, შესაბამისი, დადგენილებებით.
მშობლის პასუხისმგებლობა
პროექტით მიხედვით, ბავშვთან ერთად მშობელსაც ან მის კანონიერ წარმომადგენელსაც დააჯარიმებენ იმ შემთხვევაში თუ:
· თუ არასრულწლოვანი შეიძენს, გამოიყენებს ან თან ექნება პიროტექნიკური ნაწარმი;
· ან არ დაემორჩილება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის განკარგულებას ან მოთხოვნას;
· ან რამენაირ შეურაცხყოფას მიაყებენ, მაგალიტად სიტყვიერს.