სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა მეათე საჯარო სკოლისთვის ფართის გამოყოფის მოთხოვნით ცოტნე დადიანის ქუჩა გადაკეტეს.
მშობლების განცხადებით, აპროტესტებენ ონლაინ სწავლებას და ითხოვენ, განათლების სამინისტრომ მეათე სკოლას ალტერნატიული ფართი გამოუყოს, ასევე, აშენდეს ახალი სკოლა.
მშობლების ინფორმაციით, შენობა ავარიულია, თუმცა ონლაინ სწავლება მათი შვილების „დაღუპვას“ ნიშნავს.
“გადაკეტილი ქუჩა ერთი მოთხოვნით: „არა ონლაინ სწავლებას“. ჩვენი სკოლა შვიდი თუ რვა წელია შენდება. შეგვიშვებენ, გამოგვიშვებენ ამ სკოლაში. მესამედ გამოგვყარეს სკოლიდან, ვითომ ავარიულიაო. ელოდებიან დასკვნას, კი ბატონო, თუ შენობა ავარიული იყო, გამოვეშვით და ალტერნატიული ფართი მოეცათ ჩვენი შვილებისთვის. იპოვეს ადვილი გამოსავალი – ონლაინ სწავლება, რომელიც ჩვენი შვილების დაღუპვაა. 21-ე საუკუნეში მრცხვენია ქუჩას ვკეტავ, ფართის შენობის მოთხოვნის გამო. ამხელა ქალაქში ნაძალადევთან ახლოს, 25-ოთახიანი შენობა ვერ მოძებნა სამინისტრომ. რამე სხვა მნიშვნელოვანი მოთხოვნა რომ გვქონდეს, რისი შემსრულებლები არიან? ფართს ვითხოვთ, სადაც მთელი სკოლა გადავა. ბოლოს და ბოლოს გვაღირსონ ამ სკოლის აშენება”, – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.




