„მშობიარობის დაფინანსების თანხა გაზრდილია, 1221 ლარი მსუყედ ჩანს, თუმცა გახარებას ნუ იჩქარებთ…“

ანი დვალიშვილი
როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ამის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტო-სექტემბერში ვწერდით და მარტივი ლოგიკაა – ლარზე მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად, მყარდება. რა იქნება ახალი წლის შემდეგ… ზოგადად, ქართველებს გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება არ გვიყვარს და „რაც იქნება, იქნებას“ პრინციპით, დიდი ხანია ვცხოვრობთ. თუმცა, ლარის გამყარება არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი გაიაფდება. პირიქით, საახალწლოდ პროდუქტებზე ფასები მოიმატებს და ვაი, რომ ბევრ მათგანზე ახალი წლის შემდეგაც შენარჩუნდება.
ახალი წლიდან, ბევრი რეგულაცია შევა ძალაში, რომელიც ჩვენს ჯიბეს დიდად არ დაეტყობა. მაგალითისთვის სამედიცინო რეფორმაც კმარა, რომელიც მშობიარეებს ცხოვრებას ურთულებს და ისედაც რთულ დემოგრაფიულ მდგომარეობას უფრო მეტ სიძნელეებს უქმნის. საქმე ის გახლავთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საკეისრო კვეთა ან მშობიარობა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 1221.02 ლარით. დაფინანსების თანხა გაზრდილია, რაც სასიხარულოა, რადგან აქამდე მშობიარობა 500 ლარით ფინანსდებოდა, საკეისრო კვეთა – 800 ლარით, რაც ძირითადად საკმარისი არ იყო და ახლა 1221 ლარი მსუყედ ჩანს, თუმცა სიხარულს ნუ ვიჩქარებთ… გაუქმდა პერსონალური ექიმის აყვანის საშუალება და ყველა ორსული ვალდებულია იმშობიაროს ან გაიკეთოს საკეისრო კვეთა მორიგე ბრიგადაში. ანუ, დადიხართ 9 თვე ერთსა და იმავე გინეკოლოგთან, მან იცის ყველაფერი, ის მართავს პროცესს მთელი 9 თვის განმავლობაში და მშობიარობას იღებს სხვა, მორიგე ექიმი. არანაირად არ შეგვაქვს ეჭვი ჩვენი ექიმების კომპეტენციაში, მაგრამ როცა 9 თვე ორსულს თავს ევლები და იცი, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს პროცესს, რა გზით უნდა წახვიდე და ამ დროს… აკრძალული გაქვს მშობიარობას დაესწრო, თუ იმ კონკრეტულ დღეს მორიგე არ ხარ.
აი, პერსონალური ექიმის აყვანას მაინც თუ გადაწყვეტთ, მშობიარე იხსნება ე.წ, დრგ სისტემიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ მშობიარობის საფასურს თავად გადაიხდის (სრულად), სრულად დაფარავს საკეისრო კვეთას და შემთხვევის გართულების შემთხვევაში, ასევე თავად გადაიხდის ყველა საჭირო დანახარჯს, რადგან სახელმწიფო პასუხისმგებლობას იხსნის მასზე. თუ რომელიმე სამშობიარო სახლი გაბედავს და მშობიარეს არ მიაღებინებს მორიგე ექიმს, არამედ დაურეკავს აყვანილ გინეკოლოგს, დგება გინეკოლოგის და კლინიკის პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ამბავში უმთავრესი კი ის გახლავთ, რომ მორიგე ექიმი… არ იღებს არანაირ დამატებით ანაზღაურებას, ის იღებს მხოლოდ მორიგეობის თანხას და თუნდაც იმ ღამეს თუ დღეს, ათი და მეტი მშობიარე მიიღოს.
ზამთარი ახლა დაიწყო და უკვე სერიოზული პრობლემები შეიქმნა მაღალმთიან რეგიონებში. ხელისუფლება არ ამბობს, თორემ დიდთოვლობის გამო, 3-4 დღით, რამდენიმე ათეული სოფელი ცივილიზაციას მოწყვეტილი იყო როგორც ზემო სვანეთში, ისე რაჭაში და იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალისტები დიდ თოვლს, შემდეგ კი უჩვეულო სითბოს გვპირდებიან, გაზაფხულზე წყალდიდობებს უნდა ველოდოთ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითქოს გამოსავალი იპოვა, ყოველთვის, როცა ცუდი ამინდია მოსალოდნელი, შეტყობინებებს აგზავნის, აქაოდა, ხალხო, ფრთხილად იყავით, ამინდი გაუარესდებაო. დაზუსტებით გეტყვით, ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც ს ტრაგედია მოხდა, ანუ ამ მესიჯებით ხელისუფლება პასუხისმგელობის აცილებას ცდილობს, აგერ, მე გაგაფრთხილეთ და თქვენ არ იფრთხილეთო. არ გეხუმრებით, ღმერთმა ტრაგედია გვაშოროს და ზუსტად ეს იქნება -ს პასუხი.
ს პრეზიდენტის არჩევნებამდე ას დღეზე ნაკლები დარჩა და რა თქმა უნდა, ჩრდილოელი მეზობელი დიდ სამზადისშია. მეტიც, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია შემოღებული ქვეყნის დიდ ქალაქებში და როგორც გვეუბნებიან, ამ ასი დღის განმავლობაში, რუსეთი მოსაზღვრე ქვეყნების მიმართ ( არ ითვლება) განსაკუთრებით ლმობიერი იქნება. ამით რუსეთის საკუთარი მოქალაქეების გულის მოგება სურს, რომლებიც ახალ წლებში იმოგზაურებენ და საბაჟოზე მითითება მიღებული აქვთ, რომ რუსეთის მოქალაქეები არ უნდა გააწვალონ და არც ფული „შეაწერონ“, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება რუსულ მხარეს. აი, არჩევნების შემდეგ, ორი რამ იქნება საინტერესო – რამდენ ხანში ამოგვადენს ძმრად ამ ასდღიან დათბობას რუსეთი და მეორე – ვინ ჩავა ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციაზე მოსკოვში?! ის, რომ პრეზიდენტის სახელი და გვარი არ შეიცვლება, მგონი, ყველა ვთანხმდებით.
რუსეთი ტყუილად არ გვიხსენებია – საზღვრის გახსნის შემდეგ, იაფი ნავთობპროდუქტები საქართველოს მიმართულებით ისევ დაიძრა, მაგრამ ეს ბენზინის ფასზე დიდად ჯერჯერობით არ ასახულა. რა მარაგი ჰქონდა ასეთი ნავთბკომპანიებს, რომ არ გამოელიათ, ვერ გეტყვით, მაგრამ პასუხსაც არავინ სთხოვს და აუტკივარი თავი რატომ უნდა აიტკიონ, ან რატომ უნდა თქვან მოსახლეობის ყვლეფაზე უარი, როცა ამას გადასარევად ახერხებენ. თანაც, წინასაახალწლოდ ამას არც არავინ შეიმჩნევს, მოხმარებაც გაორმაგებული იქნება და ნაახალწლევს „პოზიტიურ ნაბიჯს გადადგამენ“ – საწვავს გააიაფებენ.
დასასრულ – მუნიციპალური განვითარების ფონდი 28 მილიონს ხარჯავს და დედაქალაქში, დიდ დიღომში, საერთაშორისო სტანდარტების ყინულის მოედანს აშენებს, რომელიც როგორც ფიგურული სრიალისთვის, ისე ჰოკეისთვის იქნება განკუთვნილი. ფიგურული სრიალი კიდევ გასაგებია, აი ჰოკეის ნაკრები კი… ჰო, გვყავს ყინულის ჰოკეის ნაკრები, რომლებიც მესამე დივიზიონში ასპარეზობენ და შეიძლება ითქვას, ჭიას ახარებენ. საქართველოში ჰოკეისტი სად უნდა გაიზარდოს, ვერ გეტყვით, ამიტომ, ნაკრებში ძირითადად ნატურალიზებული მოთამაშეები გვყავს… შალუნოვი, კოზიულინი, კურბატოვი, ოლიენკო, შევცოვი, ხარიზოვი, კოჩკინი, ვასილჩენკო, ვედიაპინი, ობოლგოგიანი… ეს ჩვენი ნაკრების წევრების გვარებია და სიმართლე გითხრათ, გამოჩენილ ქართველ ჰოკეისტებზე არაფერი გვსმენია. იმაზე ხომ არაფერს ვამბობთ, ამ ყინულის მოედნების (ორი მოედანი იქნება) ასაშენებლად ტენდერი ორჯერ რომ ჩავარდა, ორივეჯერ სახელმწიფო მზად იყო, 50 მილიონი გადაეხადა, მერე ახლიდან დათვალეს და გაირკვა, რომ 50 მილიონი ნაცვლად, 28.2 მილიონი ყოფილა საკმარისი. ჰოდა, ის მაინც გვითხარით, ვინმემ პასუხი აგო იმაზე, რომ სახლმწიფოს 22-მილიონიანი ზარალი უნდა ენახა?!

ასევე დაგაინტერესებთ