თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპულ აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 ბრალდებულის სასამართლო სხდომა დახურა. სხდომათა დარბაზიდან გამოუშვეს ჟურნალისტებიც.
ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლე მსჯელობდა გაეგრძელებინა თუ არა სხდომა სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ. სწორედ ამ საკითხის განხილვის დროს ერთ-ერთი ბრალდებულის, ირაკლი ქერაშვილის ცოლმა, ქეთუნა დანელიამ იკითხა – „ეს ბიჭები რომ მშივრები არიან?“
სწორედ ამ კითხვის დასმის შემდეგ, ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს დამსწრე პირებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც ბოლო თვეებია ამ საკითხს აშუქებენ. შეწყდა ვიდეოგადაღებაც, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებდა.
მოსამართლემ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას – როგორ უზრუნველყოფდა ის სხდომის საჯაროობას, რომლის ვალდებულებაც კანონით არის დაგდენილი.
ნინო გალუსტაშვილმა თქვა, რომ რა რეჟიმში გაგრძელდება ბრალდებულების საკითხის განხილვა, ამაზე შემდეგ სხდომაზე იმსჯელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 ივნისს გრძელდება პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის განხილვა. ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი ბოლო თვეებია პატიმრობაში არიან. მათ ბრალი წაუყენეს პროევროპულ აქციებში მონაწილეობის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
ფორუმი
