მშენებლობის ხარისხის კონტროლისთვის სახელმწიფო ლაბორატორიის შექმნა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული – CIT Georgia (bm.ge)

სახელმწიფოს მიერ სამშენებლო მასალების და ინფრასტრუქტურული ობიექტების ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიის შექმნა ძალიან დიდ რისკებთანაა დაკავშირებული – ასე აფასებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალ ინიციატივას სამშენებლო ლაბორატორია Caucasian Infrastructure Technology-ის დირექტორი.
საქმე ისაა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო თბილისში სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიას ქმნის. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი მრავალფუნქციური ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორია სამშენებლო მასალებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ხარისხის შემოწმებას უზრუნველყოფს.
როგორც ტიტე ჯიშიაშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, სამინისტროს მიერ ლაბორატორიის შექმნა ბაზარზე უკვე არსებულ კერძო ლაბორატორიებთან კონკურენციაში შესვლას ნიშნავს, რაც საბოლოოდ კომპანიების დიდი ნაწილის დახურვას გამოიწვევს.
მისივე შეფასებით, ეს ინიციატივა ინტერესთა კონფლიქტის რისკებსაც შეიცავს, რადგან სახელმწიფო ერთდროულად ინფრასტრუქტურული პროექტების დამკვეთი და ხარისხის შემმოწმებელი გახდება.
“სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი ლაბორატორიის შექმნა ჩემი აზრით, ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. არ ვსაუბრობ მხოლოდ იმ გადმოსახედიდან, რომ მე ვარ კერძო ლაბორატორიის წარმომადგენელი. არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის პრაქტიკა, რომ სახელმწიფო ლაბორატორია აკონტროლებდეს, ყოველდღიურ მონიტორინგს უწევდეს ამა თუ იმ პროექტის მიმდინარეობას. მიუკერძოებლობა შეუძლებელი იქნება, როდესაც სახელმწიფო თვითონ გახდება შემმოწმებელი და არ იქნება ალტერნატიული სიტყვის საშუალება.
სახელმწიფო თუ იქნება თვითონ მაკონტროლებელი ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს არსებული კერძო ლაბორატორიების მინიმუმ შემცირებას და ბოლოს ალბათ მათ დახურვას. საბოლოო ჯამში, მივალთ იმ ძალიან ცუდ პრაქტიკამდე, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ყოფილა, როდესაც კონკრეტულ სახელმწიფო ბიუროს შეუმოწმებია ესა თუ ის ობიექტი, ელემენტარული რაღაც ისეთი შეცდომები დაუშვეს, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია სრულიად არასწორი შედეგების, დასკვნების გაკეთება და სრულიად არასწორად მოხდა პასუხისმგებლობების გადანაწილება სხვადასხვა ადამიანებზე.
ამიტომ, ძალიან ბევრი რისკი არსებობს, მათ შორის ის, რომ ასეთი მრავალფუნქციური ლაბორატორიის გახსნას არ ეყოფა ერთი, ორი და ხუთი მილიონი, ამას რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდება”, – განაცხადა ტიტე ჯიშიაშვილმა.
Caucasian Infrastructure Technology-ში მიაჩნიათ, რომ სწორი მოდელი იქნება, თუკი ინფრასტრუქტურის სამინისტრო ლაბორატორიული კვლევების დამკვეთი იქნება, თუმცა არა უშუალოდ ხარისხის მაკონტროლებელი უწყება.
“გამოსავალი არსებობს ის, რომ სახელმწიფო უნდა იყოს დამკვეთი, ხარისხის დამკვეთი, არა მაკონტროლებელი, არა თვალის დამხუჭველი, რომ აი, საბუთი თუ მოვიდა, მორჩა, ესე იგი ეს აკმაყოფილებს [სტანდარტებს]. შესაძლებელია, ზედამხედველობის ნაწილში გამოიყოს ხარისხის მიმართულება და ცალკე გამოცხადდეს [ეს მიმართულება] და ზედამხედველობასაც მოეხსნება პასუხისმგებლობა და გადავა მთლიანად ლაბორატორიაზე. ლაბორატორია როდესაც იქნება ხარისხზე პასუხისმგებელი, გაცილებით უფრო შეკრული იქნება ის შავი ხვრელები, რაც დღეს არსებობს და პროცესები წავა გაცილებით უფრო სწორად”, – აღნიშნა ტიტე ჯიშიაშვილმა.
bm.ge