საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე 2024 შემოდგომაზე მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 5.8%-ით გაიზარდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გვაუწყებს, რომ ღირებულების ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 20.3 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.1 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.14 და 2.47 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 19.2%-ით.
„ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის” დამფუძნებლის, მალხაზ კუნელაურის თქმით, სამშენებლო კომპანიები იძულებულნი არიან ფასი გააძვირონ, რადგან მშენებლობისთვის საჭირო ნედლეული წლიდან წლამდე ძვირდება.
„ბაზარზე ფასები მუდმივად იცვლება, იგი სტაბილური არასდროს არ არის, ეს დინამიკა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში უფრო გაძვირებისკენ მიდის. ამის ერთ-ერთი მიზეზი დოლარისა და ლარის გაცვლითი კურსია. ბიზნესს გრძელვადიანი, მყარი დაგეგმარების გაკეთება უჭირს. თუ მშენებლობის დასაწყისში გაკეთდა კონკრეტული დაგეგმარება და ფინანსური გათვლები, ხშირად დასასრულს, როცა ხარჯებს ვიანგარიშებთ, ვაანალიზებთ, რომ უფრო მეტი დაგვეხარჯა, ვიდრე გათვლილი გვქონდა. ლაპარაკი არ არის მხოლოდ გაუთვალისწინებელ ხარჯებზე, ვგულისხმობ ისეთ ხარჯებსაც, რომლებიც სამშენებლო მასალებს შეეხება. ერთი ან ორი წლის შემდეგ, როცა მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, სამშენებლო მასალების ხარჯებიც მხოლოდ ზრდისკენ მიდის და არასდროს არ იკლებს. თავად ამ სამშენებლო მასალების მომწოდებლებიც, სხვისგან ყიდულობენ ნედლეულს და ეს ფასებიც ყოველთვის მზარდია. მაგალითად, მართალია, მეტალი ე.წ „არმატურები“ საქართველოში იწარმოება, თუმცა მისი მაკომპლექტირებული ნედლეული საქართველოს ბაზარზე არ მოიპოვება; ის ყველა ვარიანტში მწარმოებელმა უნდა შემოიტანო და ამ ხარჯს ამერიკული დოლარის ანგარიშით ითვლიან, იშვიათად ევროშიც“,- აღნიშნა მალხაზ კუნელაურმა.
„ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ მშენებლობის გაძვირებაზე, ისევე როგორც ყველა ეკონომიკურ აქტივობაზე, გავლენას ლარის მერყევი კურსიც ახდენს.
„საქართველოში დასავლური ვალუტების ეროვნულ ლარში კონვერტაცია ფასებს კიდევ უფრო ზრდის. ამას ემატება პერსონალის, მუშახელის და ყველა იმ მიმართულების ფასების ზრდა, რაც აუცილებელია, რომ მშენებლობა დაიწყო, დაასრულო და შექმნა პროდუქტი. ყველაფერი, რასაც ჩვენ კეთილდღეობას ვეძახით, ამაში უდიდესი წვლილი აქვს ქვეყნის სწორ პოლიტიკურ კურსს, რომელიც დასავლეთისკენ მიდის. დღეს განსხვავებული, არაორდინალური სიტუაცია არა მხოლოდ ეკონომიკას აზარალებს, არამედ პირდაპირი გამოწვევაა ლარის კურსისთვის. როცა იმ მოცემულობაში დავბრუნდებით, სადაც ქვეყნის პოლიტიკური კურსი ცხადად ევროპული იყო, ეკონომიკური გარემო ისევ გაუმჯობესდება. ჩვენ არ ვართ მყარი, ჩამოყალიბებული ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანა, ამიტომ ყველა ფაქტორი გვაქვს, რომ აქ ბიზნეს-ეკონომიკური საქმიანობის მაღალი რისკები იყოს. ეს ყველაფერი ჩვენთვის ევროპულმა კურსმა უნდა დააზღვიოს“,- თქვა მალხაზ კუნელაურმა.