მშენებლობა ბოლო სამ წელში 25 პროცენტით გაძვირდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2025 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.6 პროცენტით გაიზარდა.
კერძოდ,
⦁საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.8 პროცენტით.
⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 6.7 პროცენტით.
⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3 პროცენტით.
საქსტატის ინფორმაციით ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.5 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.73 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.6 პროცენტით.
ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22.5 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 1.5 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.53 და 0.92 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 25.0 პროცენტით.
საქსტატის განმარტებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსში იგულისხმება ამა თუ იმ ობიექტის მხოლოდ ის მთლიანი ღირებულება, რაც დაიხარჯა მის აშენებაში. მაგალითად – მასალების ღირებულება, მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის ხარჯები, ტექნიკის იჯარა თუ სხვა. შესაბამისად, აღნიშნულ ინდექსში არ იგულისხმება ამა თუ ობიექტის საბოლოო, ანუ საბაზრო ღირებულება/ფასი.
· საცხოვრებელ სეგმენტში შედის მხოლოდ საცხოვრებელი ბინები და სახლები, ხოლო მშენებლობის ინდექსში მათი, ასე ვთქვათ, თვითღირებულება/აშენების ფასი;
· არასაცხოვრებელ სეგმენტში შედის მაგალითად სკოლები, ოფისები, საწარმოო თუ სხვა არასაცხოვრებელი ობიექტები;
· სამოქალაქო სეგმენტში კი შედის – გზები, ხიდები, გვირაბები და სხვა მსგავსი ობიექტები
batumelebi.netgazeti.ge