“1927 წელს საქართველოს ეკლესია ოფიციალურად გადავიდა ახალ კალენდარულ სტილზე და შობა 25 დეკემბერს იზეიმა
მღვდელმთავართა ისტორიულ კრებაზე სინოდის ცხრა წევრიდან, ცხრავემ მხარი დაუჭირა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ახალი კალენდარული სტილის შემოღებას და შობის 25 დეკემბერს აღნიშვნას.
ვიცნობდეთ ვინ:
1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა უწმინდესმა და უნეტარესმა ქრისტეფორე III (ციცქიშვილი)
2. ქუთათელ-გენათელმა მიტროპოლიტმა დავითმა (კაჭახიძე)
3. მანგლელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (ცინცაძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი, კანონიზირებულია წმინდანად)
4. ურბნელმა ეპისკოპოსმა სიმეონმა (ჭელიძე)
5. წილკნელმა ეპისკოპოსმა პავლემ (ჯაფარიძე)
6. ალავერდელმა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი, რეპრესირებული)
7. ბოდბელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი, შერაცხილია წმინდანად აღმსარებელის სახელწოდებით)
8. მარგველმა ეპისკოპოსმა ვარლამმა (მახარაძე, შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს, გარდაიცვალა გადასახლებაში, აღმსარებელი)
9. ნინოწმინდელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (სიდამონიძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი, რეპრესირებული, იყო გადასახლებაში).
დადგენილებაში ვკითხულობთ:
“სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილთა მიმართ
ჩვენ, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის მღვდელმთავარნი, აღსასრულებლად სრულიად საქართველოს ეკლესიის მეოთხე კრების ამა 1927 წლის ივნისის 24 დადგენილებისა, – საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ, – ვაცხადებთ სამღვდელოებისა და მორწმუნე ერის სახელმძღვანელოდ: ახალი სტილის კალენდარი შემოღებულ იქმნას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ამა 1927 წლის ნოემბრის 27-დან (ძველი სტილით ნოემბრის 14-იდან). ყველა უძრავი დღესასწაულები და წმიდათა ხსენებანი გადახდილ იქმნას ხსენებულ რიცხვებიდან, ახალი სტილის კალენდრით, სწორედ იმ რიცხვებში როგორც უჩვენებენ საეკლესიო წიგნები. რაც შეეხება პასექის (აღდგომის) დღესასწაულს, რომელიც თვის რიცხვს არ მისდევს, მისი და მასზე დამოკიდებულ მოძრავ უქმეთა და დიდმარხვის გადახდა დატოვებულია სრულიად საქართველოს ეკლესიის სინოდის მიერ მთვარის მოქცევასთან შეფარდებით, სწორედ ისე, როგორც აქამდე დღესასწაულობდა მართლმადიდებელი ეკლესია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა სასულიერო პირთ ევალება განკარგულება ესე, დაფუძნებული სრულიად საქართველოს ეკლესიის მეოთხე კრების დადგენილებაზე, მტკიცედ და უცვლელად შეასრულონ. ამასთანავე, უტყუარ ცნობათა თანახმად, ვამოწმებთ, რომ მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) საპატრიარქო ეკლესია და მასთან ერთად საბერძნეთისა (ელლადის) და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გადასულნი არიან ახალ სტილის კალენდარზე. ჩვენ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი მღვდელმთავარნი, მოუწოდებთ ჩვენს სამწყსოთა და სულიერ შვილთა, გულდამშვიდებით მიიღონ ეს განკარგულება ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ, რადგან ახალი სტილის კალენდარი უფრო შეუმცდარად აღნიშნავს დღესასწაულებისათვის მიჩენილ დროს, ვიდრე ძველი კალენდარი, რომელიც მეცნიერთა გამოკვლევით, ჩამორჩენილია ნამდვილს წელიწადს ცამეტის დღით!”
დადგენილება 1928 წელს, როგორც მაშინდელ სინოდურ ოქმში ჩაიწერა -დროებით- შეჩერდა,” – წერს სოციალურ ქსელში მღვდელმონოზონი ირინეოსი.