მე მქონდა საშუალება, გავმხდარიყავი ჰააგის სასამართლოს მოწმეთა დაცვის პროგრამის ფიგურანტი. ამის დასადგენად თბილისში იყო ჩამოსული ორი მისია – ჯერ გამომძიებლების, შემდეგ შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლების შემადგემლობით. ჩაწერილი იქნა ორი დეტალიზირებული ინტერვიუ. თვითოეული გვრძელდებოდა ორი სრული დღე, დაზუსტებისთვის განხორციელდა მრავალი სატელეფონო კონფერენცია. ბოლოს ქეისი გადაეცა შემფასებელ ჯგუფს. საბოლოოდ პასუხი იყო ასეთი – ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენს დაცვას საქართველოში, ამ ქვეყანასთან ჩვენი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მაგრამ, თუ დატოვებთ ქვეყანას, თქვენ გახდებით ჰააგის სასამართლოს მოცმეთა დაცვის პროგრამის ფიგურანტი – მიიღებთ საცხოვრებელს, კომუნალურ გადახდებს, ზოგად ფინანსურ უზრუნველყოფას, სრულფასოვან სამედიცინო უფასო მომსახურებას, დახმარებას შვილების სწავლაში და მისნაერები. აღარ იქნებოდა საჭირო მუდმივად თანხის გროვება ოჯახის წევრებსა და მეგობრებში ჯერ გირაოს გადასახდელად, ახლა ჩემს აქ შესანახად, ოჯახის იქ და პარალელურად შვილების სწავლის გასაგრძელებლად – რაც ჩემი მთავარი პრიორიტეტია – სახსრების ძიება. ბოდიში მოვუხადე ოჯახის წევრებს და ავუხსენი, რომ მსგავსი ნაბიჯი – სამშობლოს დატოვება, ბრძოლიდან გასვლა (რაც ამგვარ პროგრამაში მონაწილეობისას თავის-თავად იგულისხმება) ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს და მე მას ვერ და არ გადავდგავ. ამ ბრძოლაში ჩემი ბოლომდე ყოფნა შეგნებული გადაწყვეტილებაა ადრეული ასაკიდან და ასეთი ქმედება უაზროს გახდის მთელს ჩემს ცხოვრებას, წარსულს და მომავალს. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მე მქონდა საშუალება, დაუბრკოლებლად გავსულიყავი ქვეყნიდან, არ მქონდა აკრძალული საზღვრის კვეთა, ჩემს სტატუსში მყოფმა ყველა ბრალდებულმა მოახერა დაუბრკოლებლად ქვეყნიდან გასვლა და უკან დაბრუნება, რაც მოწმობდა, რომ არც მე მექნებოდა გასვლის პრობლემა, მე ეს არ გავაკეთე. სწორად გამიგეთ, ამით არავის სხვის ქმედებას არ ვაფასებ, არც ადრე განხორციელებულს, არც აწი გაკეთებულს. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, თავისი ვალდებულებებით და აუცილებლობებით. ეს მხოლოდ ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ოჯახის წევრთა პასუხმა არა მხოლოდ გამახარა და შვება მომგვარა, მისით ვამაყობ. ცოლმაც და ორივე შვილმაც მითხრეს, რომ ძალზედ შიშობდნენ, მათი დაცვისა და უზრუნველყოფის ვალდებულებების წნეხის ქვეშ არ გადამედგა ასეთი ნაბიჯი, რაც მათთვის იქნებოდა, რბილად, რომ ვთქვათ გულდასაწყვეტი. ისინი მთლიანად იზიარებენ ჩემს გადაწყვეტილებას და ბოლომდე ჩემს გვერდით იდგებიან ბრძოლაში. მთხოვეს, ნაკლებად ვიდარდო მათზე და მეტად ვკონცენტრირდე ბრძოლაზე. ვამაყობ, რომ ოჯახში სრული ერთიანობა მაქვს ასეთ ფუნდამენტალურ საკითხზე. მე ვთვლი, ერთხელ თუ გაიქეცი, მთელი ცხოვრება უნდა ირბინო. ეს ჩემი ცხოვრება არ არის. ჩემგან ბევრი გაქცეულა, მე – არავისგან, არასოდეს. ასე იქნება ბოლომდე!
