„მფრინავი გემი“ და მხოლოდ ერთი ბილეთი — კომერციული თვითმფრინავების ისტორია

წარმოიდგინეთ მაშინ, როცა ტამპას ყურეში ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლას გემით 2 საათი, მატარებლით 12 საათი და მანქანით 20 საათი სჭირდებოდა, პირველმა კომერციულმა თვითმფრინავმა დრო 23 წუთამდე შეამცირა. ეს ამბავი 1914 წლის პირველ იანვარს მოხდა. მსოფლიოში პირველი კომერციული ფრენა ფლორიდის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარე ტამპას ყურეში შესრულდა — სანქტ-პეტერბურგიდან ტამპამდე Benoist XIV-ის საჰაერო ხომალდით 27 კილომეტრი იფრინა, თუმცა მაშინ მას საჰაერო ნავებსა თუ გემებს უფრო ეძახდნენ….

„მფრინავი გემი“ მეწარმე თომას ბინოისტმა შექმნა, ხოლო ელიოტ ფანსლერი, გაყიდვების სპეციალისტი ფლორიდაში, იმდენად მოხიბლული დარჩა თვითმფრინავების დიზაინით, რომლებსაც შეეძლო დაშვება და აფრენა წყლიდან, რომ დაუკავშირდა მას და საბოლოოდ ნამდვილი კომერციული ხაზის შექმნა შესთავაზა. როგორც ვიგებთ, სამთვიანი კონტრაქტი დადეს, რომელიც St. Petersburg-Tampa Airboat Lines-ის (SPT Airboat Line) შექმნას ითვალისწინებდა.

ფანსლერი ტამპას სამთავრობო პირების დაინტერესებას ცდილობდა, თუმცა ეს არ გამოუვიდა… სამაგიეროდ, სანქტ-პეტერბურგში რამდენიმე ინვესტორი მოხიბლა — საწყისი ხარჯების 50%-ის სუბსიდირება საკუთარ თავზე სანქტ-პეტერბურგის სავაჭრო საბჭომ აიღო. შედეგად, ბინოისტი სანქტ-პეტერბურგში 1913 წლის 12 დეკემბერს ჩავიდა და იქვე აარჩია პილოტი ტომი ჯენესი — იმ დროს უკვე პოპულარული ფიგურა გახლდათ ავიაციაში, რომელიც უშიშარი ხასიათით გამოირჩეოდა. სამხედრო თვითმფრინავებს ცდიდა და დიდ მანძილებზე დაფრინავდა:
“ჩემთვის ფრენა სიკვდილის წარმატებით დამორჩილებას არ ნიშნავს, მექანიკური მოძრაობის პოეზიისადმი მიდრეკილებას ასახავს, სიჩქარის მომხიბვლელ შეგრძნებას და მატერიალური საგნებიდან უსასრულო სივრცეში აბსტრაქციას… ფლორიდა სიცოცხლით სავსე ადგილია მფრინავებისთვის, სანქტ-პეტერბურგი კი საუკეთესო ქალაქი ამ მიზნისთვის”.
ახლა კი უფრო ტექნიკური მახასიათებლებისკენ გადავინაცვლოთ. როგორც ვიგებთ, Benoist Airboat Model XIV-ის „საჰაერო გემი“ სანქტ-პეტერბურგში მატარებლით წაიღეს, 567 კილოს იწონიდა, სიგრძე 8 მეტრი იყო, ხოლო ფრთები 13 მეტრამდე აღწევდა. Roberts 6-ის ცილინდრიც ჰქონდა და 75-ცხენისძალიანი ძრავაც. მაქსიმალური სიჩქარე 103 კმ/სთ-ს უდრიდა. პირველი კომერციული თვითმფრინავის კორპუსი ნაძვის სამშრიანი მასალისგან იყო დამზადებული, რომელთა შორის ქსოვილი იყო მოქცეული, ფრთებს კი ირგვლივ თეთრეული ჰქონდა შემოხვეული. მას ერთი ხის სავარძელი ჰქონდა, რომელზეც პილოტი და ერთი მგზავრი გვერდიგვერდ თავსდებოდა.
თუმცა, ვინ იქნებოდა ეს მგზავრი, ცალკე ამბავია. პირველი კომერციული თვითმფრინავით ფრენა ნამდვილად არ იყო იღბლის ამბავი, რადგან აუქციონი გამოაცხადეს და ისე გაყიდეს — სანქტ-პეტერბურგის ყოფილმა მერმა აბრამ ფილმა აუქციონი 400 დოლარად მოიგო, ოღონდ ეს 400 დოლარი დღევანდელ 11 200 დოლარს უდრის…

ახლა კი აფრენის დრო დადგა: ახალი წლის დღეს პირველი კომერციული თვითმფრინავის გაფრენა დიდი ამბავი იყო, ამიტომაც მის სანახავად 3000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მათ კი ფანსლერმა შემდეგი სიტყვით მიმართა:
პირველმა კომერციულმა თვითმფრინავმა წყლის თავზე დაახლოებით 15.2 მეტრის მანძილზე იფრინა, თუმცა, ძრავის პრობლემის გამო, ყურეში ცოტა ხნით დაეშვა და მალევე აფრინდა. ტამპამდე მაინც წარმატებით მიაღწიეს, სადაც კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი დახვდათ მათ…
ყველაფერთან ერთად, ეს პირველი დაგეგმილი ფრენაც გახლდათ: თვითმფრინავი დღეში ორ ფრენას, კვირაში 6 დღის მანძილზე, ასრულებდა. ერთი ადამიანისთვის ბილეთის ფასი 5.5 დოლარი, ანუ დაახლოებით დღევანდელი 140$ იყო, ორმხრივი ბილეთი 10$, ხოლო ფრენა ისე, რომ ღირსშესანიშნაობებიც დაეთვალიერებინათ, 15$ გახლდათ. ამასობაში, ბინოისტმა მეორე საჰაერო ხომალდიც დაამატა სამი ქალაქისთვის.
მართალია, ყურეში მოგზაურობის ყველაზე სწრაფ გზას სთავაზობდა ფლორიდის მაცხოვრებლებს, მაგრამ სულ რაღაც 4 თვე იფრინა და ჯამში 1205 მგზავრი გადაიყვანა. ოღონდ ამას 7 დღე გამოაკელით, როცა პირველმა კომერციულმა თვითმფრინავმა ამინდისა და სხვა პრობლემების გამო ფრენა ვერ შეასრულა.

მოკლევადიანი წარმატების მიზეზად კი ორ რაიმეს ასახელებენ — პირველი, გვეუბნებიან, რომ აღნიშნული მოგებიან ბიზნესად ვერ ჩამოყალიბდა, ძირითადად სუბსიდიას ეყრდნობოდა და 1914 წლის 31 მარტისთვის სამთვიანი კონტრაქტიც ამოიწურა… და მეორე, ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ ფლორიდის ზამთრის მაცხოვრებლებმა ჩრდილოეთში დაბრუნება დაიწყეს, რის გამოც ინტერესიც შემცირდა. თუმცა ეს ამბავი ასე უბრალოდ არ დაუსრულებიათ, გულშემატკივრების წინაშე ტამპის ყურეზე საჰაერო შოუ გამართეს, ასე კი ავიაციაში მნიშვნელოვან ეპოქას დაუდეს სათავე.

1914 წელს, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა იმას, თუ როგორი იქნებოდა თანამედროვე ავიაცია საუკუნის შემდეგ, თუმცა სულ მცირე ჰერალდი მაინც იყო მართალი, როცა თქვა, ხვალინდელი დღე წარმოუდგენელს გვპირდებაო…
წყარო: marketer.ge