სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, მუხრანში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა. გარდა ამისა, დაშავდა კიდევ 2 ადამიანი, რომლებიც ამ ეტაპზე საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
“მუხრანის მოხუცთა თავშესაფარ შპს “მუხრანის სავანეში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა […] თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ასევე, დაშავდა 2 ბენეფიციარი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
დაშავებულები მიხეილ სარჯველაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო. მუხრანის თავშესაფრის ყველა ბენეფიციარმა გაიარა შესაბამისი შემოწმება და გადაყვანილი არიან სხვადასხვა თავშესაფარში, სადაც ყველა საჭირო სერვისით არიან უზრუნველყოფილნი”, – აცხადებენ ზრუნვის სააგენტოში.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.