თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ცენტრალურ ქსელს აწყობს. მიმდინარე პროექტი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში, კერძოდ, მუხიანის აგარაკებზე მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, რომელიც წლების განმავლობაში უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გარდა იმისა, რომ არ არსებობდა კომუნიკაციები, არ იყო არც საგზაო ინფრასტრუქტურა და აქედან გამომდინარე, ვერ გადაადგილდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ პროექტის განხორციელება 2018 წელს დავიწყეთ. დღეის მდგომარეობით, 1000-მდე ოჯახი უკვე დაერთებულია ქსელზე. დღეს სამუშაოები ნეკრესის ქუჩაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, გლდანის რაიონის გამგეობა ორ დამატებით ქუჩაზე მუშაობს. სამუშაოები ზაფხულში უნდა დასრულდეს და ამ პროექტის ფარგლებში ქსელზე 400 ოჯახი დაერთდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციები და საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს.
სამუშაოები ამჟამად ბორჯომის, ნეკრესისა და დაისის ქუჩებზე მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გლდანის რაიონის გამგეობა აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარს მოაწყობს.
აღნიშნული პროექტის პარალელურად, იმავე დასახლებაში, კერძოდ, ვანისა და ხვანჭკარის ქუჩებზე წყალარინების ქსელს აწყობს გლდანის გამგეობაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე ქუჩაზე ასფალტის საფარი მოეწყობა.
მერთან ერთად ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.
მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელი აქამდე ვარდისუბნის, 26 მაისის, იაკობის, გრემის, გამარჯვების, გურიის აღმართის, სამეგრელოს, ზნაკვის, საზანოსა და ჟვანიას ქუჩებზე მოეწყო, ასევე დაიგო ასფალტის საფარი.