ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი გორში სიტყვით გამოვიდა, სადაც მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა.
ივანიშვილმა შეკრებილებს ტრადიციულად “გლობალური ომის პარტიაზე”, “რადიკალურ ოპოზიციაზე”, პარტიების აკრძალვაზე და ქრისიატნობაზე ესაუბრა.
რუსეთზე საუბრისას მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ოფიციალური მოსკოვი ოკუპანტად არც ერთხელ არ ახსენა, პირიქით, ივანიშვილის თქმით, “რუსეთთან აღდგენილმა სავაჭრო ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა მოსახლეობას”.
“12 წლის წინ, თქვენ წინაშე გამოსვლისას ხაზგასმით ვთქვი, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიული არჩევანი იყო, თუმცა, მეზობლებს ვერ ავარჩევდით და ამიტომ, ევროინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან პრინციპული, მაგრამ კორექტული პოზიცია უნდა დაგვეჭირა! მე დაგპირდით, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და დღეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით, აღდგენილმა სავაჭრო ურთიერთობებმა რამდენად მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა აქაურ მოსახლეობას. ეს კი იმის პარალელურად, რომ ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ მოიპოვა ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის უფლება, გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დღეს ჩვენი ქვეყანა არა უსიტყვო მორჩილებით, არამედ ღირსებითა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესს!
კარგად ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი და მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა მუდმივად გაგრძელდება. თუმცა, დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა საგანგებო გამოწვევების წინაშე დგას. ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ გარე დაკვეთით მოქმედ აგენტურას, რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის არევის შესაძლებლობას მივცემთ და მშვიდობას ვერ შევინარჩუნებთ. დღეს ოპოზიცია ეწოდება ომის პარტიას, რომელიც ქვეყნის საზიანოდ ნებისმიერ დავალებაზეა ხელის მომწერი, ხოლო მეორე მხარეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. ასეთ პირობებში, ჩვენს გუნდს საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს და ჩვენ გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება. თუმცა, ჩვენი ამოცანა არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა. ეს არ არის ჩვენი ახირება. დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნის ყველაზე მყარ გრძელვადიან გარანტიას ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარებისათვის”, – აღნიშნა მან.
თავის გამოსვლაში ივანიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა თუ რისთვის სჭირდება მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამ კონტექსტში მან ისევ დააანონსა “რადიკალური ოპოზიციის” გასამართლება და პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება.
ივანიშვილმა თავის გამოსვლაში ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ კანონპროექტზეც ისაუბრა – მისი რიტორიკა ჰომოფობიური იყო. მმართელი პარტიის დამფუძნებელმა პირობა დადო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ხელისუფლება ხსენებულ კანონს მიიღებს.
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ისევ ახსენა საკონსტიტუციო ცვლილებები და აღნიშნა, რომ “საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, მიიღებენ კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც მართლმადიდებლობა საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენად გამოცხადდება”.
ივანიშვილის მიერ აქცენტი ტერიტორიულ მთლიანობაზეც გაკეთდა – ამაზე საუბრისას მან აგვისტოს ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის “ნიურნბერგის პროცესი” დააანონსა.
“[…] 12 წელი გავიდა. სწორედ ეს დრო დაგვჭირდა იმისათვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, საფუძვლიანად გამოგვერკვია ყველაფერი და 2008 წლის ტრაგედიისათვის პოლიტიკური შეფასება მიგვეცა. დღეს უკვე ხმამაღლა, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვსაუბრობთ ომის გამჩაღებელ ნაციონალურ მოძრაობაზე, რამეთუ ხელთ გვაქვს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის უამრავი სამტკიცი. ჩვენ კარგად გავაცნობიერეთ, რომ ეს ყველაფერი იყო გარედან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ქართველი და ოსი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანი ჩვენი ერთიანობის გახლეჩა, ურთიერთობების განადგურება და დაუსრულებელი, ხელოვნური დაპირისპირების პირობებში არსებობა იყო. არსებობა და არა თანაცხოვრება, რადგან ჩვენი ქვეყნის მტრებმა მიზნად სწორედ ამ მოცემულობის შექმნა დაისახეს, რაც, სამწუხაროდ, წარმატებით შეასრულა პასპორტით ქართველმა, საზრისით და სულით კი უსამშობლო აგენტურამ.
დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიურნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. ქართველების ერთ-ერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის. საქართველოში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე, კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.