საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს თავმჯდომარე კობახიძეს მიმართავს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მის მიერ გაკეთებულ განცხადებას შემაშფოთებელს უწოდებს.
როგორც სეიიდ მირტაგუ ესედოვი წერს, კობახიძის მხრიდან სახელ “მუჰამედის” (მაჰმედის) შესახებ ასეთი კონტექსტით საუბარი საზოგადოებაში, განსაკუთრებით ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმებში, მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს.
“ბატონმა ირაკლი კობახიძემ ტელევიზიაში სიტყვით გამოსვლისას სახელ “მუჰამედის” (მაჰმედის) შესახებ ისაუბრა, რაც საზოგადოებაში, განსაკუთრებით ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმებში, მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს.
ასეთი განცხადებები არის ისლამური რელიგიისა და მილიონობით ადამიანის რწმენისა და ზნეობრივი ღირებულებების შეურაცხყოფა. კითხვები იბადება: რას გულისხმობს ღირსეული პრემიერმინისტრი ამ სიტყვებით? ის ცდილობს, შეურაცხყოფა მიაყენოს ისლამს, შექმნას სიძულვილის ატმოსფერო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ატარებს სახელს “მუჰამედ”, თუ წარადგინოს ეს სახელი, როგორც რაღაც უარყოფითი და პრობლემური?
თუ მთავრობას აქვს რაიმე პოლიტიკური ან იდეოლოგიური დაძაბულობა ევროპის ქვეყნებთან, არასწორია ისლამური წმინდა სახელებისა და ღირებულებების ირგვლივ კონფრონტაცია. ასეთი მიდგომები უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ და ეროვნულ ერთობაში, შეეხებიან მილიონობით მუსლიმის ცერემონიას, რელიგიურ გრძნობებს.
საქართველოში ცხოვრობს რამდენიმე ასი ათასი მუსლიმი და სახელები „მუჰამედ“, „ალ–ი“ და სხვა, დიდი პატივისცემით ითვლებიან. არავინ უნდა აკონტროლოს, რა სახელი დაარქვან შვილს – ეს არის მათი ბუნებრივი უფლება და პირადი არჩევანი.
ბატონო პრემიერმინისტრო, ქვეყნის წინაშე არსებული რეალური პრობლემებია ეკონომიკური სირთულეები, სოციალური უსამართლობა, რეგიონებს შორის უთანასწორობა, ახალგაზრდების მომავალში უპირობო შეშფოთებები. მთავრობამ უნდა მიმართოს ყურადღება ამ საკითხების მოგვარებაზე და არ გახადოს ადამიანთა რელიგიური და სულიერი ღირებულებები დისკუსიის ობიექტად.
„მუჰამედ“ სახელი არ არის კრიზისი – იგი სინონიმია სინათლისა, წყალობისა და მოწყალებისა. ეს სახელი განასახიერებს იმ გზას, რწმენას და ჰიდაიეთს, რომელსაც ღმერთმა კაცობრიობას უბოძა. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს – რელიგიური რწმენისა და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ერთიანობისა და ურთიერთპატივისცემისა და გაგებისკენ.
თქვენ, პატივცემულო პრემიერმინისტრო, უნდა დაიცვათ ეს ღირებულებები და მიმართოთ თანაბარი დამოკიდებულებით სახელმწიფოს ყველა მოქალაქის მიმართ” , – წერს საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს თავმჯდომარე, სეიიდ მირტაგუ ესედოვი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, კობახიძემ გუშინ პირველი არხის ეთერში თქვა: “იდენტობის კუთხით აქვთ უმძიმესი პრობლემები და კატასტროფული ტენდენციები. მათ შორის, ხედავთ, მიგრაციამ რა დამართა ევროპას, მათ შორის, ევროკავშირს. ბერლინში, ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი შარშან იყო მუჰამედი…”
