არასამთავრობო ორგანიზაციის ვეძებ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძის თქმით, შსს-ს ტრეფიკინგის განყოფილებაში ინფორმაცია მიაწოდეს გაყიდული ჩვილების საქმეებთან დაკავშირებით. მუსერიძის ცნობით, საგამოძიებო უწყებაში უთხრეს, რომ მის მიერ შეტანილ 5 საქმეს ჯერ კიდევ იძიებენ. მისივე თქმით, ამ საქმეებში მთავარი მოქმედი პირი არის გარდაცვლილი.
“შევხვდი საქმის პროკურორს. მითხრეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება ჩემ მიერ შეტანილ 5 საქმესთან დაკავშირებით. ასევე მითხრეს, რომ კიდევ არის შეტანილი დაახლოებით 20 საქმე, ზოგიერთ მათგანზე გამოძიება დასრულდა. მე ამ საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მქონდა, საგამოძიებო ორგანოში მითხრეს, რომ საქმეები ჩემი Facebook-ის ჯგუფის წევრებმა შეიტანეს.
ერთ-ერთ შემთხვევაში ქალს ეჭვი ეპარებოდა, რომ მისი შვილი იყო დაკრძალული და ჩატარდა ექსჰუმაცია, ბავშვი ნამდვილად მისი შვილი აღმოჩნდა.
საქმეები, რომლებიც პირადად მე მქონდა მიტანილი, შედარებით ახალი შემთხვევები, 2004-2005 წლის ქეისები, რისი დოკუმენტაციაც არსებობს, ამაზე გვქონდა აქცენტი და გვითხრეს, რომ ჯერ იძიებენ. დოკუმენტაცია კი არსებობს, მაგრამ მთავარი მოქმედი პირი ვინც იყო, ის ადამიანი არის გარდაცვლილი” – ამბობს თამუნა მუსერიძე ტაბულასთან საუბარში.
26 იანვარს BBC-მ გაავრცელა ფილმი ქართველ ტყუპებზე, რომლებიც უკანონოდ გააშვილეს და ერთმანეთი მოგვიანებით სოციალურ ქსელ TikTok-ზე იპოვეს.
ერთ-ერთი ტყუპი – ემი ფილმში ყვება, რომ პირველად მისი ტყუპისცალი 12 წლის ასაკში შემთხვევით ტელეეკრანზე ერთ-ერთ ტელეშოუში დაინახა, თუმცა ამ დროს მისი ძებნა არ დაუწყია. ხოლო მისი ტყუპისცალის თქმით, წლების შემდეგ მას ემის ვიდეო სოციალურ ქსელში მეგობარმა გაუგზავნა და მას შემდეგ გადაწყვიტა მოეძებნა გოგო, რომელიც მას ძალიან ჰგავდა.
ფილმი ეხება საქართველოში ათწლეულების მანძილზე ჩვილების უკანონო გაშვილების და გაყიდვის პრაქტიკას. ფილმის კიდევ ერთი გმირია არასამთავრობო ორგანიზაციის, ვეძებ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძეც. მუსერიძის თქმით, მისი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ერთი ადამიანის დახმარებით და 1950 წლიდან 2004-2005 წლებამდე სამშობიაროებიდან ჩვილების უკანონო გაყიდვა-გაშვილების სქემების შესახებ ეჭვის გაჩენით დაიწყო. თავად თამუნა მუსერიძე ბავშვების უკანონოდ გაყიდვის და გაშვილების სქემის ერთ-ერთი მსხვერპლია.