სასამართლო კლანის წევრი ლევან მურუსიძე ფორმულასთან ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის განცხადება “აბსურდული თემაა”.
ის ამტკიცებს, რომ ბესარიონ ალავიძის მიზანი – “უცხოეთში თავშესაფარის მიღებაა”.
ლევან მურუსიძე სიცრუეს უწოდებს ბესარიონ ალავიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან მურუსიძემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, ვალერიან ცერცვაძემ, ვასილ როინიშვილმა ის [ბესარიონ ალავიძე] კაფეში დაიბარეს და “ტვინის გასხმევინებით” დაემუქრნენ და ამბობს, რომ 12-13 წელია საერთოდ არ ჰქონია მასთან კონტაქტი.
“მისი მთავარი მიზანი ყოფილა, რომ უცხოეთში მიეღო თავშესაფარი, ხომ. ისეთი აბსურდული თემაა. ეს არის განაწყენებული ადამიანი, რომელიც უზენაეს სასამართლოში რომ ვერ დარჩა მოსამართლედ, შესაბამისად… თუ რამე მტკიცებულებები აქვს, წარმოადგინოს. წარმოადგინოს [თუ აქვს მტკიცებულებები]. 12-13 წელია საერთოდ არ მქონია კონტაქტი, არ შევხვედრივარ და არანაირი კონტაქტი მასთან არ მქონია. ვერავითარი მტკიცებულება ვერ ექნება – როგორ აბსურდულ რაღაცას იძახის. […]
რა კაფეში შეხვედრის ეპიზოდი? როგორ გავურჩიე [საქმე]? იძახის, ჩემი ნების გარეშე წამიყვანეს კაფეშიო. რა, საბარგულში ჩავტენე? მერე ხმამაღლა მიყვიროდნენო… რა კაფეში, არა [არ შემდგარა შეხვედრა]. […] არჩევნები რომ არის, უბრალოდ დაგჭირდათ რაღაც და შესაბამისად, ეს თემა წამოწიეთ”, – ამბობს ის.
“მე ზოგადად პრობლემა არ მაქვს, ნებისმიერი რაღაც ჩვენება მივცე, იმიტომ რომ ეს აბსურდული თემაა, მაგრამ იმდენად სასაცილო თემაა”, – ამბობს მურუსიძე.
სასამართლო კლანის წევრი კვლავ აქებს ქართული ოცნების ხელისუფლებას და ამბობს, რომ მათი მმართველობის პირობებში “სასამართლო გახდა დამოუკიდებელი”.
“ქართული ოცნების მმართველობის პირობებში სასამართლო გახდა დამოუკიდებელი – მე მიმუშავია ადრეც და მიმუშავია ახლაც და უამრავ მოსამართლეს, თქვენც გაგიპიარებიათ ხოლმე, მიუღია ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც, საერთოდ, შეიძლება არ აწყობს ხელისუფლებას, მაგრამ ვინმეს რამე ღერი თმა ჩამოვარდნია თმიდან?”, – ამბობს ის.
