მურთაზ ზოდელავა – ის გზა, რომელიც პაატა ბურჭულაძემ გააჟღერა, არის ყველაზე ოპტიმალური – ეს ადამიანი 240-ე დღეა ხალხშია, მას იქიდან მოაქვს ეს განწყობები, იქ იხარშება რეცეპტი

ორი მაზოხისტური პარტია, „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გაეშურა კომპარტიის არჩევნებზე, ვითომ რაღაც მიზნებით, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ.
როგორც ზოდელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ნამდვილი არ ტარდება და პროცესი კომუნისტური ეპოქის ფორმალურ არჩევნებს ჰგავს.
„ყველა პარტიას, რომელიც მარაზმში არ შევიდა, თავისი დღის წესრიგი აქვს. აქამდე ყველამ ვიცოდით, რომ არსებობდნენ სადომაზოხისტები და თურმე „ლელო მაზოხისტებიც“ ყოფილან. არსებობს ამომრჩეველი, ეროვნული განწყობა, ხალხის განწყობა და არსებობს გადაწყვეტილებები, რომელიც ამა თუ იმ პარტიულ კაბინეტში მიიღება. ჩემი გადმოსახედიდან ის პროდასავლური პარტიები ერთიანი არიან იმაში, რომ ამ ქვეყანაში არანაირი არჩევნები არ არსებობს, დაახლოებით ისეთივე არჩევნებია, როგორიც იყო კომუნისტების დროინდელი არჩევნები. ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება, რა თქმა უნდა, ბოიკოტი-მიუღებლობა.
ეს ორი მაზოხისტური პარტია: „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გაეშურა კომპარტიის არჩევნებზე, ვითომ რაღაც მიზნებით. ყველას გვესმის, რომ ეს არჩევნები არის ფარსი, მაგრამ ამ მაზოხიზმისკენ გაეშურა ეს ორი პარტია, ხოლო ქართველი ერის გვერდით დარჩა რვა პარტია”,- განაცხადა ზოდელავამ.
ზოდელავამ ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის მიერ გაჟღერებულ გზაზე, რომელსაც „ყველაზე ოპტიმალურს“ უწოდებს.
მისი თქმით, ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება არსებული პირობებით შეუძლებელია და აუცილებელია ერთიანი და მშვიდობიანი საზოგადოებრივი ქმედება.
„მიმაჩნია, რომ ის გზა, რომელიც პაატა ბურჭულაძემ გააჟღერა, არის ყველაზე ოპტიმალური. ჯერ ერთი, ეს ადამიანი 240-ე დღეა ხალხშია, მას იქიდან მოაქვს ეს განწყობები. იქ იხარშება რეცეპტი და საერთო განწყობები – რაზეა წამსვლელი ხალხი, რამდენად აქვთ დარჩენილი მოთმინების ფიალა, ეს ყველაფერი პაატა ბურჭულაძეს კარგად აქვს ნაგრძნობი. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ცხადი ამბავია – შევიკრიბოთ და გავუშვათ. ჩემთვის საერთოდ არ რჩება კითხვის ნიშნები. მშვიდობიანად უნდა მოხდეს. ერთი მოქმედებით, მშვიდობიანი, მაგრამ ყოჩაღი მოქმედებით ეს პრობლემები მოგვარდეს. უბრალოდ ცხოვრების ასე გაგრძელება შეუძლებელია“,- განაცხადა ზოდელავამ.
კითხვაზე, რა შეიძლება მოხდეს 4 ოქტომბერს? პოლიტიკოსის თქმით, 4 ოქტომბერს თბილისში გაიმართება მასშტაბური მშვიდობიანი აქცია, რომელიც ხელისუფლების ცვლილებაზე იქნება ორიენტირებული.
ზოდელავას პროგნოზით, 5 ოქტომბრიდან ქვეყანა ახალ საგარეო კურსზე გადავა, ახალი ხელისუფლება კი ევროპაში განაცხადებს, რომ საქართველო პრორუსული აღარ არის.
„არა თუ წარმომიდგენია, არამედ ვხედავ ზღვა ხალხს. იყო ხალხი გაზაფხულზე, მაგრამ არ იყო ამის მზაობა. არავის უთქვამს, რომ ამ და ამ დღეს უნდა გავუშვათ ივანიშვილი სახლში. ახლა საზოგადოება ამისთვის მომწიფდა, შესაბამისად, დაითქვა ეს არაჩვეულებრივი თარიღი – 4 ოქტომბერი, 16:00 საათზე, მთელი საქართველო თბილისში. ივანიშვილი ყველა შემთხვევაში წავა. საშემოდგომო გამოცდა გამოგვყვა მთელ ერს და ჩასაბარებელია. მშვიდობიანად იქნება და ისე იქნება, რომ არ უნდა დაზიანდეს და არ დაზიანდება ეკონომიკა. 5 ოქტომბერს წარმომიდგენია, რომ ახალი საქართველო, ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს გააგზავნის ევროპაში და ის იტყვის მნიშვნელოვან სიტყვას, რომ ჩვენ აღარ ვართ პრორუსული და ახლა ნუ მოგვიხსნით სავიზო რეჟიმს“,- განაცხადა ზოდელავამ.