მურთაზ ზოდელავას სიტყვა განსასჯელის სკამიდან – დაკავებულმა ყოფილმა გენ-პროკურორმა მშვიდობიანი რევოლუციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალი სწორედ მშვიდობიანი რევოლუციაა.
ზოდელავა ამბობს, რომ ივანიშვილის გავლენები მეტასტაზებივითაა სისტემის ყველა შტოში, ამის აღმოსაფხვრელად კი საჭიროა ბრძოლა და თავგანწირვა.
უნდა გესმოდეთ, ჩემი შინაგანი განწყობა და მდგომარეობა და შფოთვა, სხვაგვარად შეუძლებელია, როცა არჩევნები უქმდება… 100% დაიწერა ქართულმა ოცნებამ უმრავლეს ოლქებში, ასე იყო ვარდების რევოლუციის წინ, როცა შევარდნაძე პროცენტებს იწერდა…ყველა შტოს აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი, ის არის მეტასტაზირებული… ამიტომ არ არის სხვა გამოსავალი, ქართველმა ხალხმა უნდა იპოვოს ძალა თავში, მოახდინოს მშვიდობიანი რევოლუცია და გაათავისუფლოს ქვეყანა…
მეც ვიყავი ჩინოვნიკი და იმ დოზით არ ვიხედებოდი კაბინეტს მიღმა, მე შინაგანად ბუნებით კანონმორჩილი ადამიანი კი არ გავგიჟებულვარ, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ უნდა გადავარჩინო და ერს უნდა მოვემსახურო.
გამოსავალი მშვიდობიანი რევოლუციაა, ბიძინა ისე თავს არ დაანებებს საქართველოს, ის მართავს ქვეყანას ბიუჯეტით და შიშით. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდი დოზით შიში დაითესა თავის მომხრეებში“, – განაცხადა ზოდელავამ.
პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება 6 ოქტომბერს წარუდგინა.
ბურჭულაძეს, ზოდელავასა და ნადირაძეს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ.
პაატა მანჯგალაძეს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხოლო ლაშა ბერიძეს – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.