ოპოზიციონერი პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა მას შემდეგ, რაც 25 000-ლარიანი გირაო გადაიხადა.
თბილისის საქალაქოს სასამართლომ 13 სექტემბერს ზოდელავას საპატიმრო გირაო — 25 ათასი ლარი შეუფარდა.
მურთაზ ზოდელავა 11 სექტემბერს დააკავეს ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან ერთად.
ლევან ხაბეიშვილის დაკავების ვიდეოში ჩანს, რომ ის ტელეფონს აწვდის ზოდელავას, რის შემდეგაც ზოდელავას აკავებენ.
თავდაპირველად სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა, რა დროსაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთ მათგანზე იძალადა“. ზოდელავას მხრიდან სამართალდამცველებზე ძალადობის ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა არ გავრცელებულა.
საბოლოოდ, პროკურატურამ ზოდელავას ბრალი გამოძიებისთვის ხელის შეშლის მუხლით წარუდგინა.
„მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მურთაზ ზოდელავა უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
შესაბამისად, მას ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლისა, საბოლოოდ სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მურთაზ ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
