მუნიციპალური განვითარების ფონდი აბაშის მუნიციპალიტეტში ახალი საჯარო სკოლის პროექტირებას იწყებს – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აბაშის მუნიციპალიტეტში ახალი საჯარო სკოლის პროექტირებას იწყებს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა 450 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და მისი პროექტი, შემდგომში, სხვადასხვა რეგიონში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი.
აბაშის სკოლაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უნდა მოეწყოს საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.
გარდა ამისა, შენობაში განთავსებული იქნება მულტიფუნქციური და სპორტული დარბაზი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები, ეზოში კი გათვალისწინებულია სათამაშო მოედნის მოწყობა.
ახალი ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს