მუნიციპალიტეტს აქვს უფლებამოსილება, თავიდან აირიდოს გარკვეული ტრაგედიები – უჩა ზაქაშვილი

სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, რაც შესაძლებლობას აძლევს, თავიდან აირიდოს გარკვეული ტრაგედიები. მან ამის შესახებ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, სადაც არსებული კანონმდებლობა შეაფასა.
14 ივლისს, საღამოს თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფასადის ნაწილის ჩამოშლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა – 1. როგორც ადგილზე მისულმა თბილისის მერმა თქვა, ადგილობრივებმა იცოდნენ, რომ კორპუსი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, მათ მერიამ შესთავაზა, ჩანაცვლების პროგრამაში მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, რასაც მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა სჭირდება.
არსებული მონაცემებით, თბილისში, დაახლოებით, 10 000 ავარიული შენობა-ნაგებობაა. კანონმდებლობით განსაზღვრული წესის მიხედვით, მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლებას მცხოვრებლებისათვის ან იმავე მიწაზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ახალ შენობა ნაგებობაში ან მიმდებარედ არსებულ ფართებში უზრუნველყოფს. კანონმდებლობა განსაზღვრავს იმ ფართსაც რაც მოქალაქეს უნდა გადაეცეს და გაწერილია, რომ ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელია შენობა III, IV ან V კატეგორიას მიეკუთვნებოდეს. ავარიული სახლების ჩანაცვლებისას 100%-იანი თანხმობა იმ შემთხვევაში არ არის საჭირო, თუ ახალი კორპუსი აშენდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთზე. რაც შეეხება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს, 56-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, თუ უძრავი ქონება ავარიულია, გამაგრებას არ ექვემდებარება, და მისი არსებობა ადამიანის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, მის დემონტაჟს მესაკუთრის თანხმობა არ სჭირდება. კოდექსის 137-ე მუხლში გაწერილია, პასუხისმგებლობის საკითხიც. თუ ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე ინფორმირებულია, რომ შენობა საფრთხის შემქმნელია, მაშინ ვალდებულია მაქსიმუმ 10 დღეში მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს აცნობოს და მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის ნებართვის გაცემის მოთხოვნით მიმართოს და ნებართვსი მიღებსი შემდეგ დემონტაჟი დაიწყოს. თუ კანონით გაწერილი ეს პროცესი არ შესრულდა ჯარიმა 5000 ლარია.