მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები მზად არ არიან სტიქიებთან გასამკლავებლად – მედია

საქართველოს მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები მზად არ არიან კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ბუნებრივ სტიქიებთან გასამკლავებლად. მათ უმეტესობას თეორიული წარმოდგენა აქვს ადრეული შეტყობინების სისტემებზე, არ აქვთ დამონტაჟებული შესაბამისი ტექნოლოგიები და არ ჰყავთ მომზადებული კადრები, რომლებიც ამ სიტუაციას მართავენ.
ბუნებრივი სტიქიების მართვის პროცესი საქართველოში ცენტრალიზებულია. რეგიონული მუნიციპალიტეტები თუ თვითმმართველი ქალაქები ცენტრიდან – თბილისიდან – მოწოდებულ მონაცემებსა და ცოდნაზე არიან დამოკიდებულნი. დედაქალაქიდან მიწოდებული მონაცემები კი, თავის მხრივ, ნაკლულია.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვის პროცესში, პრევენცია უფრო იაფია, ვიდრე უკვე გაჩენილი დაავადების მკურნალობა. პირველადი ჯანდაცვის უფრო განვითარებით, სხვადასხვა დაავადების ადრეული აღმოჩენა და მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება.
სტიქიური ბუნებრივი მოვლენების მართვაშიც, უფრო ზუსტი პროგნოზირებით, ნაკლებია დაღუპული ადამიანების რაოდენობაც და საკომპენსაციოდ გაწეული ხარჯებიც მცირდება.
იმის გამო, რომ ადრეული შეტყობინების სისტემა მთელი საქართველოს მასშტაბით აწყობილი არ არის, მუნიციპალიტეტებს ჯერ კიდევ მილიონობით ლარის დახარჯვა უწევთ ზარალის ასანაზღაურებლად.
გაეროს განვითარების პროგრამა [UNDP] საქართველოს მთავრობას ეხმარება, რომ უფრო მეტად იყოს მომზადებული ბუნებრივი სტიქიების მიმართ. პროექტი გულისხმობს ადრეული შეტყობინების სისტემის ტექნოლოგიის დამონტაჟებას, მათი სისტემაში შეერთებას და როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, ცნობიერების ამაღლებას.
გაეროს განვითარების პროგრამის თბილისის ოფისში “კაქტუსს” უთხრეს, რომ მუნიციპალიტეტების ცნობიერება და მზაობა სტიქიების მართვასა და ადრეული შეტყობინებების სისტემაზე დაბალია.
პროექტის Multi Hazard Early Warning ფარგლებში, მუნიციპალიტეტებისთვის ნაყიდია ადრეული შეტყობინების სისტემის ტექნოლოგიის ნაწილი. ნაწილი დამონტაჟებულია და სატესტო რეჟიმში მუშაობს. ნაწილი – ჯერ დამონტაჟებული არ არის.
ჰიდრომეტეოროლოგიური ტექნიკის შეძენა და დამონტაჟება არ ნიშნავს, რომ ის გამართულად მუშაობს ან შეერთებულია ადრეული გაფრთხილებისა და შეტყობინების ქსელში და განგაშის ატეხა შეუძლია.
მიმდინარე წლის 25 ივლისს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდინარე ხანისწყალი ადიდდა: მდინარემ კალაპოტი იმ ადგილზე გაარღვია, სადაც ის ქალაქ ბაღდათსა და სოფელ ზედა დიმს ესაზღვრება. ამ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან 4 480 000 ლარის გამოყოფა მოუწია.
“კაქტუსმა” მცირე, დამოუკიდებელი, კვლევა ჩაატარა იმაზე, თუ როგორია მუნიციპალიტეტების ცნობიერება ადრეული გაფრთილების შეტყობინებების სისტემების შესახებ საქართველოში.
კვლევის ფარგლებში, საქართველოს 13 მუნიციპალიტეტი ავარჩიეთ, რომლებიც ბუნებრივი კატაკლიზმების თვალსაზრისით მაღალი რისკის ზონაში არიან [ონი, ბაღდათი, ხულო, ქედა, შუახევი, მესტია, დუშეთი, საჩხერე, ლეჩხუმი, ოზურგეთი, ხელვაჩაური, ცაგერი და ახმეტა].
ყველა მათგანს გავუგზავნეთ იდენტური კითხვა და ვთხოვეთ აღწერათ, მათი ინფორმაციით და გამოცდილებით, რა არის ადრეული შეტყობინების სისტემა და როგორ მუშაობს ის მათ რეალობაში. რეგიონული მუნიციპალიტეტების ნაწილმა გვიპასუხა წერილობით, სატელეფონო ინტერვიუთი ან/და ორივე ფორმით, ნაწილმა – წერილიც უპასუხოდ დატოვა.
ყველაზე მომზადებული და ამ მხრივ გამოცდილი ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებს შორის მესტია აღმოჩნდა.
წყარო: cactus-journalism.ge

ასევე დაგაინტერესებთ