„მუნიციპალიტეტების მთავრობები არათუ იზიდავენ, არამედ ხშირად მტრებად უყურებენ მოსულ ინვესტორებს“ – მგზავრები ჯგუფი

“მგზავრები ჯგუფის“ დამფუძნებელმა დავით ცერცვაძემ BMGtv-ის გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას მუნიციპალიტეტების მთავრობებთან ურთიერთობის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, არაკვალიფიციურობისა და დეცენტრალიზაციის დაბალი ხარისხის გამო, ხშირად ადგილობრივი მთავრობების ხელმძღვანელები არათუ ინვესტიციების მოზიდვით არიან დაკავებულები, არამედ ხელს უშლიან ახალი პროექტების დაწყებას.
„ჩვენი ჯგუფი დეველოპმენტს თბილისში არასდროს აკეთებდა, შესაბამისად საქმე გვაქვს სულ რეგიონის მენეჯმენტთან, მუნიციპალიტეტთან. სისტემა იმდენად ცენტრალიზებულია, რომ სწრაფი გადაწყვეტილების მიღება არ ხდება. ამ თანამდებობებზე როგორც ყოველთვის მოდიან არა საქმის გამკეთებლები, არამედ პარტიული ადამიანები. პარტია ვისაც დაასახელებს ის იმარჯვებს, ეს ხალხი არ არის პროფესიონალი, არ იციან ინვესტორთან როგორ უნდა იურთიერთოს, ბევრ შემთხვევაში მტრად გვიყურებენ, სისტემის ბრალია ეს. ასე იყო წინა მთავრობის დროსაც. სადაც სისტემა არ არის დეცენტრალიზებული ეს ასე ხდება.
საგურამოში რასაც ვაკეთებთ ახლა 3 წლის წინ ვიყიდეთ ეს მიწა, მაშინ არ იყო დაგეგმარება, შემდეგ აღმოჩნდა, რომ სივრცითი ეკონომიკა უნდა ჩართულიყო პროცესებში და ამას დასჭირდა 3 წელი. ამის მიზეზია ის, რომ კვალიფიცირებული ხალხი არ გვყავს. უნდა მოდიოდნენ უნარიანი ადამიანები, საქმის კეთება უნდა იცოდნენ, ინვესტორებთან ლაპარაკი და მათი მოზიდვა უნდა შეეძლოთ. ახლა არა თუ მოზიდვა, არამედ მოსულის შეფერხება შეუძლიათ, რაც მე ვიცი ჩემს მაგალითზე, ყველა რეგიონშია ეს პრობლემა.“ – აღნიშნა ცერცვაძემ.