,,მუნთან დაკავშირებით არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს” – გიორგი გალდავა
ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ეროვნულ ცენტრში მუნის სიმპტომებით მიმართვიანობის ზრდა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ცენტრის დირექტორმა, გიორგი გალდავამ განუცხადა.
გიორგი გალდავა კლინიკა „კანვენის“ მაგალითზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მიმართვიანობა არ გაზრდილა, თუმცა, მისი განმარტებით, დაავადების ერთეულ შემთხვევებშიც პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც გალდავამ აღნიშნა, საქმე გვაქვს მარტივად სამართავ სიმპტომებთან, რომლებიც დღე ან დღე-ნახევარში უპრობლემოდ იკურნება.
„ყოველ წელს, ზაფხულის შემდგომ პერიოდში, შეიძლება, მუნის შემთხვევები რამდენიმე ერთეულით გაიზარდოს, რაც დაკავშირებულია საკურორტო სეზონის დასრულებასთან, მასობრივი თავშეყრის ადგილებში ახალგაზრდების და ბავშვების ყოფნასთან, სადაც მუნის გავრცელების მეტი საშიშროებაა. როცა ბავშვები ასეთი ადგილებიდან სკოლებში ბრუნდებიან, მუნის გავრცელების მეტი საშიშროება იქმნება. თუმცა წელს, შარშანდელთან შედარებით, განსაკუთრებული არაფერი ხდება. ამას ვერც ეპიდემიას და ვერც ქვეყნისთვის რაიმე საშიშს ვერ დავარქმევთ. რამდენიმე დღის წინ გვქონდა საქართველოს დერმატოლოგთა ასოციაციის შეხვედრა და იქ აღნიშნულ საკითხზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. არავის დაუსვამს საკითხი, რომ ქვეყანაში მუნიანობამ მოიმატა და შემთხვევები გაიზარდა“, – განაცხადა გალდავამ.
მისი თქმით, მისი კლინიკის გარდა, ქვეყნის მასშტაბით ბევრი დერმატოლოგი მუშაობს, რომლებსაც შეუძლიათ ამ დიაგნოზის მქონე პაციენტების მიღება და მკურნალობა. გალდავა აღნიშნავს, რომ მუნი გადამდები დაავადებაა და არასასურველია, ამ დაავადების მქონე მოზარდმა სკოლაში ან ბაღში იაროს, რადგან ის კონტაქტური გზით გადადის.
„მუნით დაავადების შემთხვევები მშობლების შეშფოთებას იწვევს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არაა სოციალური ან განსაკუთრებით საშიში დაავადება. ესაა ჩვეულებრივი დაავადება, რომელიც თანამედროვე მედიცინის პირობებში, საერთოდ, ერთდღიანია. სიმპტომები ერთ დღეში, მაქსიმუმ, დღე-ნახევარში ლაგდება. მუნს ახასიათებს მკვეთრი ქავილი, განსაკუთრებით საღამოს საათებში, თბილ გარემოში მოხვედრისას, მაგალითად, როცა ბავშვი ლოგინშია. მშობელი ამ ფაქტს აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას და ასეთ დროს მან აუცილებლად უნდა მიმართოს დერმატო-ვენეროლოგს და არა – პედიატრს, ალერგოლოგ-იმუნოლოგს ან სხვა სპეციალიზაციის ექიმს. მუნს აქვს წვრილწერტილოვანი გამონაყარი, რომელიც სპეციფიკურია და არანაირად არ ჰგავს ალერგიულ გამონაყარს“, – განაცხადა გიორგი გალდავამ.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, მისი თქმით, საკმარისია სტანდარტული ჰიგიენური პირობების დაცვა.
„პირველი რეკომენდაციაა, რომ არ უნდა ავყვეთ პანიკას, რადგან აქ პანიკის და შეშფოთების არანაირი საფუძველი არ არსებობს; მეორე – ჩვეულებრივად დავიცვათ ჰიგიენის ის წესები, როლებსაც ოჯახის პირობებში ყოველდღიურად ვასრულებთ – ხელების დაბანა, ჰიგიენის ნორმების დაცვა და ა.შ. თუმცა ეს დაავადება, შეიძლება, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მასაც დაემართოს, ვისაც გადამეტებული დამოკიდებულება აქვს საკუთარი პირადი ჰიგიენის მიმართ. მთავარი რეკომენდაცია კი ისაა, რომ პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სპეციალისტს – დერმატო-ვენეროლოგს მივმართოთ“, – განაცხადა გალდავამ.
წყარო




