მსახიობი თაკი მუმლაძე წერს, რომ ჰქონდა შესაძლებლობა, 2024 წელს Shooting Stars-ზე საქართველოს წარმომადგენელი ყოფილიყო, თუმცა ორი დღის წინ გაიგო, რომ კონკურსზე კინოცენტრმა სხვა მსახიობი, სალომე დემურია წარადგინა.
“ჩვენი ორწლიანი ბრძოლა და ოცნება დასრულდა”, – წერს თაკი მუმლაძე და აღნიშნავს, რომ დაკარგა შესაძლებლობა, რომელიც, მისი “გონივრული ეჭვით” შესაძლოა მის პოლიტიკურ პოზიციას თუ აქტივიზმს უკავშირდებოდეს.
მუმლაძის თქმით, EPP EUROPEAN SHOOTINGS STARS ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა, რომელიც მსახიობებს საერთაშორისო ასპარეზზე გზის გაკვლევაში ეხმარება. ამ პროგრამაში უკვე მონაწილეობდნენ საქართველოდან – ირაკლი კვირიკაძე და ლევან გელბახიანი.
მუმლაძის თქმით, პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მისთვის გაჩნდა ფილმით – “ჩემი ოთახი”, რომელშიც შესრულებულმა როლმა კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალზე – “საუკეთესო მსახიობი ქალის” პრემია და დაპირება მოუტანა, რომ 2023 წელს საქართველოდან Shooting Stars-ის მონაწილე ის იქნებოდა.
თუმცა, მსახიობი წერს, რომ პირველ ჯერზე “გაუგებარ საკანონმდებლო წინაღობებს გადააწყდა”, კერძოდ, პარლამენტმა არ დაამტკიცა მაუწყებლობის შესახებ კანონი და საქართველომ დაკარგა უფლება ყოფილიყო ევროპული კინოს ოჯახის წევრი, რის გამოც, მან Shooting Stars-ში მონაწილეობის უფლება დაკარგა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ “კინემატოგრაფის სფეროში მომუშავე ადამიანების დიდი ძალისხმევით ეს წინაღობა გარკვეული დროის შემდეგ მოიხსნა და ხელახლა გაფორმდა კონტრაქტი საქართველოსა და EFP-ის შორის”.
მუმლაძის თქმით, კანონის მიხედვით ფილმს, რომელიც 2022-23 წლებშია შექმნილი, აღარ შეეძლო 2024 წელს პროგრამაში მონაწილეობა, თუმცა ნინო კირთაძე, ევრიმაჟში საქართველოს მაშინდელი წარმომადგენელი კანის ფესტივალის დროს გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და სთხოვა, რომ დაეშვათ გამონაკლისი.