„მუდმივი ექსპერიმენტების ჩატარება არაა კარგი… ხელოვნური რეგულაციები ბაზარს მხოლოდ ავნებს“ – დეველოპერი შიდა განვადების შესაძლო აკრძალვაზე

„ამ საქმეს მეურვეობა არ სჭირდება – ეს ნიშნავს ისედაც მწირ საინვესტიციო გარემოში, სადაც დეველოპერული ბიზნესი ტრიალებს დამატებით ხელოვნურ ჩარევას“, – ასე აფასებს დეველოპერული ბიზნესის წარმომადგენელი მალხაზ კუნელაური „ბიზნესპრესნიუსთან“ შიდა განვადების შესაძლო შეზღუდვას.
როგორც ცნობილია, დეველოპერებისთვის შესაძლოა, შიდა განვადებები აიკრძალოს და საბანკო სესხებმა ჩაანაცვლოს.
როგორც მალხაზ კუნელაური ამბობს, თავის დროზე იპოთეკური დაკრედიტების შეზღუდვაც ყოვლად გაუმართლებელი იყო, ვინაიდან ამ დარგში გაპრობლემებური სესხები თითქმის არ არსებობდა. ახლა კი, შიდა განვადების აკრძალვა, ასევე ხელოვნური ჩარევა იქნება, რომელიც ავნებს ბაზარს.
„ხელოვნური რეგულაციები ბაზარს მხოლოდ ავნებს და აზარალებს. თქვენ გახსოვთ, თავის დროზე, როდესაც ზოგადად სესხები და მათ შორის, იპოთეკური დაკრედიტება შეზღუდეს, ერთ-ერთი არგუმენტი იყო ჭარბვალიანობა. თუმცა, ეს სხვა სამომხმარებლო პროდუქტებს შეეხებოდა, რომ გადახდის უნარიანი ყოფილიყო მოქალაქე და მათი რაოდენობა შეემცირებინათ, ვინც გააპრობლემა სესხი. თუმცა, უძრავ ქონებაში ეს პრობლემა არ ყოფილა. ბაზარზე ოპერირებულმა თითქმის ყველა დეველოპერულმა კომპანიამ, ცალსახად გააკეთა მაშინაც ამაზე განცხადება, რომ გაპრობლემებური სესხები თითქმის არ ჰქონდათ. შესაბამისად, კითხვა დასვით, რომ ბაზარზე, რომელიც ისედაც არ არის დივერსიფიცირებული და ისედაც ბევრი პრობლემები აქვს, რატომ უნდა შემოვიტანოთ ისეთ ახალი ტიპის რეგულაცია? მაშინვე ამის პასუხი ვერ მივიღეთ და მაინც შეზღუდეს იპოთეკური დაკრედიტება. მოგეხსნებათ, უძრავი ქონების ბაზარი არის ცოცხალი ორგანიზმი და თავისი გასავლელი გზები იპოვა, მათ შორის, შიდა განვადებაში. ამით ჩვეულებრივ გააგრძელა არსებობა.
ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს შიდა განვადებები მოვუკლათ და ბანკების მიმართულება წავახალისოთ. მე იმას არ ვამბობს, რომ საბანკო დაკრედიტება არ უნდა წახალისდეს, უბრალოდ, ესეთი მუდმივი ექსპერიმენტების ჩატარება ამ დარგში არ არის კარგი. მაშინ უნდა გვითხრან, რა არის პრობლემა, მათ შორის, შიდა განავდებებში? მე ვფიქრობ, შიდა განვადებაც უნდა არსებობდეს და ბანკის დაკრედიტებაც. ამის დასტურია ის, რომ წლების განმავლობაში დეველოპერულ ბიზნესში გაპრობლემებური სესხები არ ყოფილა.
შიდა განვადება და საბანკო დაკრედიტება ერთმანეთს ვერ შეედრება. შიდა განვადების შემთხვევაში, როგორც წესი, პროექტის დასრულებამდე ხდება ხოლმე ამ თანხის გადანაწილება. ასეთ დროს დეველოპერი ხელშეკრულებაში წერს, რომ შიდა განვადებით გადახდილი თანხით, ამ პროექტს დავასრულებ 1 მაქსიმუმ 3 წელში, მაგაზე გრძელვადიანი კონტრაქტი მე არც მინახავს. იპოთეკური დაკრედიტება კი აბსოლუტურად სხვა მიზნობრიობით არის, ის 10 და 15 წელი გრძელდება და ამით მომხმარებელი უკვე სხვანაირად სარგებლობს“,- განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.
კითხვაზე, რამდენად გამოდგება არგუმენტი, რომ შიდა განვადების შეზღუდვით, არაკეთილსინდისიერი ბიზნეს საქმიანობის პრევენცია მოხდება, მალხაზ კუნელაური პასუხობს:
„ჩვენ ხომ არ ვართ საბჭოთა კავშირში და კომუნიზმში, რომ აბსოლუტურად ყველა ბიზნესი ვაკონტროლოთ სახელმწიფოს მიერ, რაში რას დახარჯავს. მაშინ ბიზნესი არ ყოფილა დამოუკიდებელი, ეს ყოფილა სახელმწიფო ქვედანაყოფი, რომელსაც სჭირდება კონტროლი. ეს არის საქმე, რომელსაც მეურვეობა სჭირდება. ბიზნესი თუ არის არაკეთლსინდისიერი და ის არამიზნობრივად ხარჯავს თანხებს, არსებობს კანონი, სხვა კვალიფიკაციის დარღვევაა და ამის პრევენცია ასე არ ხდება. თუ ასეთ რამეს ჩაიდენს, დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს მათ შორის, სისხლის სამართლის პასუხიმგებლობას. და, ის რომ, შენ ადგე და ბიზნესს გაუკეთო მენეჯმენტი, რაში და როგორო დახარჯოს ეს თანხები, აბოლუტურად არასწორია. ეს ნიშნავს ისედაც მწირ საინვესტიციო გარემოში, სადაც დეველოპერული ბიზნესი ტრიალებს დამატებით ხელოვნურ ჩარევას“, – ამბობს მალხაზ კუნელაური.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ იპოთეკური სესხების კუთხით, რეგულაციების გადახედვაზე პარლამენტში ოქტომბერში ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებას გარკვეული მხარდაჭერა სჭირდება, რადგან, საბანკო იპოთეკები ნიშნავს უფრო მეტ ზედამხედველობას, რისკების უკეთეს მართვას.
გუშინ კი თურნავამ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განმარტა, რომ დეველოპერებს უფრო მეტი წვდომა უნდა ჰქონდეთ დაფინანსებაზე.
„ჩვენ ვმუშაობთ როგორც საბანკო სექტორთან, ასევე დეველოპერებთან, რომ არსებული რეგულაციები, რომელიც მრავალი წლის წინ არის მიღებული განახლდეს, უფრო დაკონკრეტდეს. აქცენტი იყოს იმაზე, რომ იმ დეველოპერებს, ვისაც თითქმის დასრულებული აქვთ თავის პროექტები, უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ დაფინანსებაზე“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
www.bpn.ge

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }