თითოეულმა მომატებულმა წელმა, ცისანა სეფიაშვილს გამოცდილება და პირადული ზრდა მოუტანა. მიუხედავად ბევრი განსაცდელისა, არ გაბოროტდა, სიმშვიდე შეინარჩუნა და მიაჩნია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ბედნიერი ქალია. როგორც ყოველ ახალ წელს, ახლაც, მის ეზოსა და სახლში ზღაპრული გარემოა შექმნილი. მისი ოცნების ახდენა, მარხილით ჩააკითხოს თოვლის ბაბუას ლაპლანდიაში, მომავალ წელს აქვს დაგეგმილი.
– ამ წელმა რა სიახლეები და გამოწვევები მოგიტანა, რამდენად მადლიერი ხარ მისი?
– ზოგადად, ამ წლის მადლობელი ვარ, ყველა სიხარულისთვის, სიახლისთვის თუ განსაცდელისთვის. ჩემთვის ძალიან კარგი წელი იყო. სხვათა შორის, ამ წელს ბევრმა ადამიანმა საცერში გაიარა. მტკივნეულია, როცა ადამიანთან წლების ურთიერთობა გაკავშირებს და ის ამ საცერში ხვდება, სამეგობრო წრე ვიწროვდება, მაგრამ ამისიც მადლიერი ვარ, რადგან სჯობს, ათი მეგობარი გყავდეს გვერდით და ნამდვილი, ვიდრე ორმოცდაათი და არანამდვილი და არასანდო. ასე რომ, ბევრი ადამიანი ამ წელში დარჩება და მომავალ წელს ისინი ჩემს გულში და ჩემს გვერდით აღარ იქნებიან.
მე და ჩემი მეუღლე ვხუმრობთ ხოლმე: ამ საცერში ადამიანების გაცრა როდის დასრულდებაო. მაგრამ, კიდევ ვამბობ, იმწუთას კი მტკივნეულია, მაგრამ მერე ხვდები, რომ კარგია, ასე რომ მოხდა. გარდა ამისა, ამ წელმა ძალიან ბევრი კარგი რამ მომიტანა, ბევრი საინტერესო გამოცდილება, ბევრი მოგზაურობა, გადაცემა და მე ბედნიერი ვარ. მე ვერ ვჩერდები, თუ სიახლე არ შემაქვს ჩემს საქმიანობაში და თავად ვზრუნავ პიროვნულ განვითარებაზე. ამიტომ, სულ მოძრაობაში ვარ. სიახლეები და გამოწვევები არ მაშინებს, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ზრდისკენ. ძალიან ბევრჯერ დამიწყია ცხოვრება თავიდან, ბევრჯერ გადამილახავს განსაცდელები და სირთულეები.
მაქვს პერიოდები, როცა ორი სამი დღე რაღაცები „შემაზანზარებს“, მაგრამ მერე ვეუბნები ჩემს თავს: მადლობა ამისთვის და იყოს უფალო, ნება შენი. უფალმა ყველაზე კარგად იცის, რა არის ადამიანისთვის კარგი და ცუდი და ყველაფერი რაც ხდება, უკეთესობისკენ ხდება.


