ქართული ოცნების მიერ ბიუროს სხდომაზე რუსული კანონის დარეგისტრირების შემდეგ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონს ვეტოს დაადებს.
“იხილეთ, თუ რა რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მიერ აღნიშნული კანონის ინიცირებას. ამას გამოეხმაურა როგორც ევროკავშირი, ასევე NATO-ს გენერალური მდივანი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სტრატეგიული პარტნიორი აშშ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, შესაბამისად, მოვითხოვეთ, რომ აღნიშნული კანონი საერთოდ არ დარეგისტრირებულიყო ბიუროზე და არ გატარებულიყო რეგისტრაციაზე, რათა არ დაწყებულიყო აღნიშნული კანონის განხილვა კომიტეტებში და ზოგადად, შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო, რომ აღნიშნული კანონი პარლამენტში აღარ დაბრუნდებოდა.
პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს”, – თქვა გიორგი მსხილაძემ.
პარლამენტმა ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა უმრავლესობის მიერ ხელმეორედ ინიცირებული რუსული კანონი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ). კანონპროექტის განხილვა კომიტეტზე პარასკევს, 12 აპრილს დაიწყება. მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.