მსხილაძე წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერებაზე: სასამართლოს კლანური მმართველობის დასტურია

დღეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა. ამჯერად, საქართველოს სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი.
მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აქვს სრული უფლებამოსილება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
პირველი, თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ.
მეორე, ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა.
მესამე, ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა და მიუღებელი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის.
თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, პრეზიდენტის წარმომადგენლად კახა წიქარიშვილის დანიშვნის განკარგულების შეჩერების შესახებ.