მსხილაძემ განმარტა, პრეზიდენტმა რატომ არ მოაწერა ხელი „დაგროვებითი პენსიის“ კანონპროექტს

ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის შესახებ ილაპარაკა. მან განმარტა მიზეზები, რის გამოც პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებას და დოკუმენტი მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს. მსხილაძის განმარტებით, ეს არ ნიშნავს ვეტოს, პრეზიდენტმა გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და კანონპროექტს ხელი არ მოაწერა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესულ შესწორებებს აკრიტიკებს და ძირითად საკითხს გამოყოფს.
„ცვლილებებით, საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი, მაშინ, როდესაც მოქმედი კანონით, მათ პარლამენტი ირჩევდა. მიუღებელი და დაუშვებელია ამ პროცესის პარლამენტიდან გატანა და პრემიერ-მინისტრის ხელში ძალაუფლების ასეთი კონცენტრაცია.
აღნიშნული ცვლილება აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, ეს კი შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, სხვადასხვა სამთავრობო, ნაკლებად მომგებიან ფონდებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს, – თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა და დაამატა, – პენსიის რეფორმა საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლებოდა, რის გამოც გაუმართლებელია ასეთი ცვლილებების მიღება, რომელიც რეპუტაციულად აზიანებს ამ რეფორმას, არყევს მის მიმართ მოსახლეობის ნდობას. მყარი საპენსიო სისტემა და მისი სანდოობა პირდაპირ დაკავშირებულია მოქალაქეების კეთილდღეობასთან, შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს მილიონ-ნახევარზე მეტი მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით“.
12 ივლისს გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ დღეს თავად მოაწერს ხელს დოკუმენტს, რომელიც “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდება და ძალაში შევა.
კანონში შესული ცვლილების თანახმად, საპენსიო დანაზოგების მფლობელებს უფლება აღარ ექნებათ, საკუთარი თანხის მართვა კერძო კომპანიას მიანდონ.
ცვლილებას აკრიტიკებდა ოპოზიცია, პრეზიდენტი კი კიდევ უფრო შორს წავიდა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ ახალ კანონს მავნებლური და კიდევ ერთი [„აგენტების“ და ე.წ. ოფშორების კანონებთან ერთად] „რუსული კანონი“ უწოდა.
„ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა ამ ქვეყნის, რომ შეიქმნა საპენსიო ფონდი და შეიძლებოდა, “ოცნებას” თავი მოეწონებინა ამით, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანაა, რაც ძალიან საშიში მიმართულებაა“, – თქვა ზურაბიშვილმა 3 ივნისს.
საპენსიო ფონდში ეროვნული ბანკის უფლებები გაიზრდება. მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სებ-ს შეეძლება თანამდებობიდან გაათავისუფლოს ფონდის დირექტორატის წევრი [გენერალური დირექტორი, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, მთავარი რისკის ოფიცერი და შიდა აუდიტის უფროსი].
ფორუმი