[მსხვილმა ბიზნესმენმა] უნდა აგრძნობინოს ხელისუფლებას, რომ არსებობს წითელი ხაზები – ფინანსისტი

ფინანსისტ ვასილ რევიშვილის აზრით, უნდა აგრძნობინოს ხელისუფლებას, რომ არსებობს წითელი ხაზები. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენის მიერ „გამჭვირვალობის“ მხარდამჭერი განცხადებების კომენტირებიისას თქვა. „არ ვამართლებ, მაგრამ მესმის მათი“, – ამბობს ფინანსისტი.
– ყველა დროში, ყველა ხელისუფლების დროს, მსხვილი ბიზნესის დიდი ნაწილი რატომ არის მთავრობის მხარდამჭერი?
– ეს პრობლემა სამყაროსავით ძველია და ასეა არ მხოლოდ საქართველოში; ალბათ ყველა იმ ქვეყანაში დგას მსგავსი პრობლემა, სადაც ნახევრად ავტოკრატიული რეჟიმებია.
– რატომ?
– იმიტომ, რომ რისკი დიდია… დასაკარგი ბევრი აქვთ. შესაბამისად, თქვენ რომ ამბობთ, მსხვილმა ბიზნესმა მხარი დაუჭირაო, მოდი, ასე ვთქვათ – მხარი კი არ დაუჭირეს, არამედ წინააღმდეგ არ წავიდნენ… ეს არ არის კარგი საქციელი, მაგრამ შეიძლება, მათი მესმოდეს, რადგანაც დასაკარგი ბევრი აქვთ.
– და ეს ამართლებს მათ საქციელს?
– არ ვამართლებ, მაგრამ მათი მესმის.
– სად გადის ზღვარი, როდესაც რთული ხდება გამართლების მოძებნა?
– ზღვარი გადის იქ, სადაც მომავალი დგება საფრთხის წინ და დღეს ამ ზღვართან ძალიან ახლოს ვართ.
– „ბიზნესმენებო, მოეგეთ გონს! თქვენ ახლა კვებავთ ურჩხულს და გამოეცალეთ“ – რამდენიმე დღის წინ მენეჯერმა და ყოფილმა ბანკირმა ნიკოლოზ შურღაიამ ამ სიტყვებით მიმართა ბიზნესმენებს „წერტილიდან“…
– კარგად უთქვამს. მე ასე მკაცრად არ ვიტყვი, მაგრამ ყველა უნდა დაფიქრდეს საკუთარი შვილების მომავალზე.
– ისინიც, ვისაც ბევრი აქვს დასაკარგი?
– დიახ… არ მგონია, მომავალზე, შვილებზე ძვირფასი ვინმე და რამე იყოს…
– რა მისცემს გამბედაობას მსხვილ ბიზნესს?
– არავის ვთხოვ ყიჟინას. ელემენტარულად, აგრძნობინონ ხელისუფლებას, რომ მათი ერთგულება უპირობო არ არის და არსებობს რაღაც წითელი ხაზები.
– წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?
– უმსგავსობას და ვიწრო, ჯგუფური, პირადი ინტერესების გამო, ქვეყნის მომავლის ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დაყენებას.