სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა რუსული დრონებით შეტევის შედეგად უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.
რუსეთის ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით გასულ ღამით შეუტიეს. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დღეს, 25 აპრილს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დრონები შეტევის შედეგად ქალაქ პავლოგრადში ხანძარი გაჩნდა მრავალბინიან სახლში. ოლქის კიდევ ორ რაიონში დაზიანებულია საწარმოები.
უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა იყო ხარკოვის ოლქზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ ხარკოვში და ოლქის რამდენიმე რაიონში დამწვარი ან დაზიანებულია კერძო სახლები, რესტორნების კომპლექსის ოთხი შენობა და ელექტროგადამცემი ხაზები. დაშავდა, სულ მცირე, ორი ადამიანი.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, 24 აპრილის ღამის თერთმეტის ნახევრიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს სხვადასხვა ტიპის 103 უპილოტო საფრენი აპარატით.
სარდლობის თანახმად, უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში ჩამოაგდეს 41 ე.წ. დამრტყმელი დრონი, ხოლო 40 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთიც. თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, 24 აპრილის საღამოს რვა საათიდან 25 აპრილის დილის ექვსი საათის ჩათვლით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 79 უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 59 – ყირიმის თავზე, 11 – შავი ზღვის აკვატორიის თავზე, 4 – ბელგოროდის ოლქში, 2-2 – კურსკსა და ნიჟნი-ნოვგოროდში და 1 – ივანოვოს ოლქში.
რუსეთის ხელისუფლება მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არაფერს იუწყება.
უკრაინული წყაროების ცნობით, ანექსირებულ ყირიმში დრონებით შეტევა იყო ევპატორიის და სევასტოპოლის მახლობლად მდებარე სამხედრო აეროდრომებზე. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
ფორუმი
