დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის შედეგად კამენსკის რაიონში ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო პავლოგრადის რაიონში – ერთი.
დაზიანებულია კერძო სახლები, ადმინისტრაციული შენობა და მაღაზია. გაჩნდა ხანძრები. უკრაინის რკინიგზის ინფორმაციით, პავლოგრადში დაღუპული 52 წლის კაცი მატარებლის მემანქანე იყო. მისი თანაშემწე დაჭრილია.
დონეცკის ოლქში დრონებით დარტყმა იყო მოხალისეთა ავტომანქანაზე, რომლითაც როდინსკის რაიონიდან ევაკუირებული მოქალაქეები გადაჰყავდათ. საოლქო პროკურატურის ცნობით, დაიჭრა სამი ადამიანი. ამავე ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე მართვადი ავიაბომბებით დარტყმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ოთხი დაშავდა. დაზიანებულია 15-ზე მეტი სახლი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მართვადი ავიაბომბებით დარტყმა იყო ზაპოროჟიეს ოლქის სტეპნოგორის რაიონზე, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ნაწილობრივ დანგრეულია მრავალბინიანი სახლი.
დრონებით შეტევა იყო ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე, სადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები და სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები.
გაეროს მონიტორინგის მისიის მონაცემებით, მხოლოდ 2025 წლის ივნისში უკრაინაში დაიღუპა 232 და დაიჭრა 1343 მშვიდობიანი მოქალაქე, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში სამოქალაქო მოსახლეობაში ერთ თვეში გამოწვეული ყველაზე დიდი მსხვერპლია.
გაეროს მისიის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში(იანვარი-ივნისი) უკრაინაში დაიღუპა 1098 და დაიჭრა 5656 სამოქალაქო პირი. უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2024 წლის 24 თებერვლიდან დაღუპულია 13 580 სამოქალაქო პირი, მათ შორის 716 ბავშვი და დაჭრილია 34 115.
გაეროს მონიტორინგის მისიას და ადამიანის უფლებების კომისრის ოფისს თავის ანგარიშებში შეაქვთ მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები. რეალურად მსხვერპლი მეტია.
ფორუმი
